პლანეტის უმდიდრესი მეწარმის ილონ მასკის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი იმდენად სწრაფი ტემპით ვითარდება, რომ მეცნიერები AGI-ს მომავალ 2026 წელს მიაღწევენ.
AGI ანუ ზოგადი ხელოვნური ინტელექტი AI-ის განვითარების შემდეგი საფეხურია და ის ისეთ მოდელს გულისხმობს, რომელიც ადამიანებზე უკეთესად აზროვნებს, ხელოვნური ცნობიერება აქვს და კომპლექსურ დავალებებს ზედმეტი ინსტრუქციებისა და მითითებების გარეშე ასრულებს.
მეცნიერთა ნაწილის შეფასებით, AGI კაცობრიობის ბოლო გამოგონება იქნება, რომლის გამოჩენის შემდეგ, ყველაფერი, რაც შეიქმნება, სწორედ AGI-ის მიერ იქნება მოფიქრებული.
მეორე ნაწილის შეფასებით, AGI-ის ეფექტი შედარებით ლიმიტირებული იქნება და მას არათუ 2026 წელს, არამედ მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც ვერ ვიხილავთ, რადგან მის გამოსაკვებად საჭირო ფიზიკური ინფრასტრუქტურა და ენერგია დღეს დედამიწაზე ხელმისაწვდომი არ არის.
ილონ მასკის სტარტაპი xAI ერთ-ერთია იმ ტექნოლოგიურ კომპანიათა შორის, რომელიც AGI-ის შექმნას ცდილობს.




























