მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ დარგში ფინანსური ხელმისაწვდომობის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს

აგრარული კომიტეტი
BM. GE
10.10.23 14:14
10

აგრარულ საკითხთა კომიტეტი „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ თემატური მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას თემატური მოკვლევის მიზნებსა და ამოცანებზე ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიხილავთ ფერმერების და სოფლის მეურნეობის სექტორში მყოფი ადამიანების დაფინანსების ინსტრუმენტებს და საშუალებებს. ყველაზე კარგი პრაქტიკა და ევროკავშირის გამოცდილებაც ამას გვიდასტურებს, არის თავად სახელმწიფოს სუბსიდირების მიზანმიმართული ფორმები - პროგრამა, რომლითაც შეგვიძლია ფერმერებს დავეხმაროთ. თუმცა სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითაც ისარგებლონ. ჩვენი ჯგუფის წევრები ასევე ვთანხმდებით, რომ სოფლის მეურნეობაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საკმაოდ დაბალია და გაგვიჩნდა სურვილი, რომ ამ ჭრილში თემატური მოკვლევა ჩავატაროთ, რომლის ამოცანა დაფინანსების კერძო წყაროების და კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აგროპორტფელის ანალიზია, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მიმართული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველო“ ანალიზი, ოღონდ იმ ჭრილში, რომ ვნახოთ სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ფერმერების მხარდასაჭერად როგორ მუშაობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თემატური მოკვლევის ფარგლებში განახორციელებენ სოფლის მეურნეობაზე მიმართული ვაჭრობის დაფინანსების წყაროების ანალიზს, ინოვაციური და ალტერნატიული დაფინანსების წყაროებისა და პროდუქტების მოკვლევას და საქართველოს საფინანსო სექტორში მათი დანერგვის სარგებლის განსაზღვრას. ანალიზის შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ნინო წილოსანი, ქეთევან ჩარკვიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, მიხეილ დაუშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები