მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგრარული პროდუქტების ბაზარზე პოზიციებს ვკარგავთ" - გოჩა ცოფურაშვილი

აგროპროდუქტი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, გოჩა ცოფურაშვილი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე პოზიციებს კარგავს, რაც მისი მაღალი ფასითაა განპირობებული. 

"კონკურენტული უპირატესობის სისტემა ძალიან დიდი სისტემაა, რომელიც სახელმწიფოს მონაწილეობით იწყება და ფერმერის მონაწილეობით გრძელდება, ასევე დამოკიდებულია ბაზრის დაცვაზეც, ტექნოლოგიებზეც. ამ საკითხს ჩვენ ძალიან მარტივად ვუყურებთ და ნელ-ნელა პოზიციებს ვკარგავთ, რაც არა მხოლოდ საზამთროს, არამედ ბევრ სხვა აგრარულ პროდუქტს ეხება, ჩვენ დავკარგეთ პოზიციები ხახვში, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა.

ძალიან მაღალია ადგილობრივად წარმოებული ხილის ფასები. თითქოს იმპორტირებული შემოდის და ამ ფასს უნდა აბალანსებდეს, თუმცა ეს ასე არ ხდება, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაინც ბევრად ძვირი ღირს, შესაბამისად მომხმარებელს არანაირი შეღავათი არ აქვს და ქსელური მარკეტებისთვისაც იმპორტირებული პროდუქცია ბევრად მიმზიდველი ხდება", - აცხადებს ცოფურაშვილი.

მისივე ცნობით, აუცილებელია, რომ ეს პროცესი დარეგულირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული პროდუქცია ბაზარზე დაიკარგება. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა, რომ გაკონტროლდეს იმპორტი და დარეგულირდეს საფასო პოლიტიკა. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში, ანუ იმ პერიოდში, როცა ქართული საზამთროს მოსავლის აღება იწყება, საქართველოში $159 000-ის ღირებულების, 547 ტონა საზამთრო შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც $73 000-ის ღირებულების, 240 ტონა საზამთრო მივიღეთ, ასევე მომდევნო ქვეყანა აზერბაიჯანია, საიდანაც საქართველოში $50 000-ის ღირებულების, 191 ტონა საზამთრო შემოვიდა და რეიტინგში მესამე მსხვილ იმპორტიორად რუსეთი სახელდება - აქედან $30 000-ის ღირებულების, 101 ტონა საზამთრო მივიღეთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები