გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა” თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. გუშინ კი ადგილზე, მოტივტივე მზის ელექტროსადგურის გახსნის ღონისძიება გაიმართა. “აგრო იმპექსი” „აგრო ჰოლდინგის“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი USAID კი საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით უზრუნველყოფს, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.