საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „აგრო მოტორსის“ 40%-იანი წილის ფიზიკური პირის, იური კოროტჩენკოს მიერ შეძენაზე თანხმობა გასცა. აღნიშნული კონცენტრაცია სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებითა და საკუთვნოებით საბითუმო ვაჭრობის სექტორში განხორციელდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ახლა წილები ასე ნაწილდება: აკაკი გოგსაძე - 20%, რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო - 40%, ჩეხეთის მოქალაქე თომაშ კრაიცა - 40%. იქამდე მფლობელი შპს ფემილი ფარმი იყო.
GCCA-ის მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს სასოფლო-სამეურნეო მანქანებითა და მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე 120-მდე ეკონომიკური აგენტი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 200 მლნ ლარი შეადგინა.
" ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის (HHI) მიხედვით, რომელიც ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელია, აღნიშნული ბაზრის მაჩვენებელი 651.82 ერთეულია, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ რადგან იური კოროტჩენკოს კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე ამ ბაზარზე არ საქმიანობდნენ", - წერს სააგენტო.
GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.
GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) თანხმობა 8 კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.




























