მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„აგრო სტარტაპ სესხით“ „საქართველოს ბანკმა“ ₾4.683 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა - ინტერვიუ ®

623daf90d6922
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.22 18:38
2142
2021 წლის შემოდგომიდან, „საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - „აგრო სტარტაპ სესხი“ შესთავაზა. პროგრამა რამდენიმე მრავალწლიანი კულტურის - ლურჯი მოცვის, ინტენსიური ვაშლის და თხილის ბაღების გაშენებისთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. შეღავათიანი აგროკრედიტი დაინტერესებულ პირს 48-დან 120 თვემდე ვადით 20 000-დან 500 000 ლარამდე სესხის მიღების საშუალებას აძლევს.

„საქართველოს ბანკის“ მიერ ფერმერებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის აგრო სტარტაპ სესხი შეთავაზებიდან არც თუ დიდი პერიოდი გავიდა. ახალი საბანკო პროდუქტის განხორციელების მნიშვნელობაზე, დღემდე „აგრო სტარტაპ სესხით“ გაცემულ დაფინანსების მოცულობასა და პროგრამის სხვა დეტალებზე „საქართველოს ბანკის“ აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე გვესაუბრა:

- პირველ რიგში რომ აგვიხსნათ - რას წარმოადგენს „საქართველოს ბანკის“ აგრო სტარტაპ სესხი? რატომ, რა მიზნით და ვისთვის შეიქმნა ის?

საქართველოს ბანკის აგრო სტარტაპ სესხი მრავალწლიანი ნარგავების სპეციფიკაზე მორგებული აგრო პროდუქტია, რაც გულისხმობს შესაბამისი საშეღავათო პერიოდისა და გადახდის გრაფიკის უზრუნველყოფას. პროდუქტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ცარიელი მიწის ნაკვეთიდან შექმნას თანამედროვე ტიპის ბაღი. პროდუქტის შექმნის მიზანს, მიკრო მომხმარებლისთვის ფინანსურ რესურსზე მარტივი წვდომის გაჩენა წარმოადგენდა; იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც ფლობენ მცირე ფართობის მიწას და სურვილი აქვთ განვითარდნენ აგრო მიმართულებით.

მოხარული ვართ, რომ ის გრაფიკი და ბენეფიტები, რომელიც აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში შევიმუშავეთ (3-4 წლიანი საშეღავათო პერიოდი და მოსავლის მიღებიდან გადახდის დაწყება) დიდ მოწონებასა და კმაყოფილებას იწვევს მომხმარებელში. ასეთ დროს მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მიწის ნაკვეთის ღირებულება შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს როგორც ბიზნესის წამოწყებაში მათი თანამონაწილეობა. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ მომხმარებელს არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, გირაოს სახით, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სახელმწიფო საგარანტიო სქემა, რაც მოიცავს მომხმარებლის დაფინანსებას მიწის სამუშაოებიდან დაწყებული ბაღის გაშენების ბოლო ფაზამდე დამთავრებული.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საშუალო ფართობი, რომელზეც მომავალი ბიზნესმენები იწყებენ ლურჯი მოცვის, ინტენსიური ვაშლისა თუ თხილის მოყვანა/გაშენებას, დაახლოებით 1-1,5 ჰა. არის

- რა შესაძლებლობებს აძლევს აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს და რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა?

გარდა იმისა, რომ „აგრო სტარტაპ სესხი“ შესაძლებელს ხდის მომხმარებელმა გააშენოს თანამედროვე ტიპის ბაღი წვეთოვანი სარწყავი სისტემით, პროდუქტის ფარგლებში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ყველა დამატებითი სახსრები, რაც სახელმწიფოს მხრიდან დღეს საქართველოს ბაზარზე არსებობს. ესენია: შეღავათიანი აგრო კრედიტი, საგრანტო პროექტი „დანერგე მომავალი“ და სახელმწიფო საგარანტიო სქემა. აღსანიშნია, რომ მოპოვებული გრანტი შესაძლებელია მომხმარებელს საკუთარ თანამონაწილეობად ჩაეთვალოს.

- როგორ შეაფასებდით ბაზარზე ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას - რა გამოწვევებია და როგორია მოთხოვნა მსგავს პროდუქტებზე?

მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ლურჯი მოცვის და ვაშლის მიმართულებით, რაც აღნიშული კულტურების რენტაბელობით აიხსნება. 2016 წელს, საქართველოში დაახლოებით 350 ჰა ვაშლის, 26 ჰა მოცვის და 350 ჰა თხილის ბაღები გაშენდა; 2021 წლის მდგომარეობით, ეს მონაცემები დიდწილად გაზრდილია და შემდეგნაირად გადანაწილდა - 1400 ჰა ვაშლი, 1420 ჰა მოცვი და 1000 ჰა თხილი. ეს ციფრები არ ითვალისწინებს წლის დასაწყისიდან მონაცემს, რომელიც საკმაოდ აქტიური იყო და დიდი ზრდაც აჩვენა.

აღნიშნული მიმართულებით, ფერმერების მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ გაშენებიდან 3 წლის შემდეგ, როდესაც ბაღი მსხმოიარობაში შევა, უნდა მოახერხოს შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება. Global Gap-ის სტანდარტის დაკმაყოფილება მათ შესაძლებლობას მისცემს, პროდუქცია ექსპორტზე არა მხოლოდ ყოფილ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნის ბაზრებზე, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გაიტანონ.

სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, გადავწყვიტეთ ფერმერებისთვის მხარდაჭერა აღნიშნული მიმართულებითაც გაგვეწია. შესაბამისად, აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი“ ასევე სტანდარტიზაციის ხარჯებს აფინანსებს, რაც საქმიანობის სამომავლო წარმატებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ხშირად ფერმერებისთვის გამოწვევას წარმოადგენს სამაცივრე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო ფინანსებზე წვდომა. იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა შეგვეთავაზებინა მათთვის, „საქართველოს ბანკმა“ ფერმერებს უფრო გამარტივებული და კომფორტული პროცედურა შესთავაზა. ეს გულისხმობს მინიმუმ 12-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობას. „საქართველოს ბანკი“ ამ მიმართულებითაც ინვესტირებას აქტიურად აგრძელებს.

- რა მოცულობის ინვესტიციაა გაცემული „საქართველოს ბანკის“ მიერ აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში?

აგრო სტარტაპ სესხის ფარგლებში, „საქართველოს ბანკმა“ საცალო მიმართულებით 4 683 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ეს რიცხვი თვიდან თვემდე საგრძნობლად იზრდება. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკი“ ფერმერების მხარდაჭერას და ინვესტიციების განხორციელებას სხვა აგრო პროდუქტების ფარგლებში აქტიურად აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ აგრო სტარტაპ სესხის დანერგვიდან ჯერ 1 სრული წელიც არ გასულა, შემიძლია ვთქვა, რომ შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.

- რომელ რეგიონებში, რა მოცულობითა და რა ფართობზე გაშენდა აღნიშნული კულტურები (ლურჯი მოცვი, ინტენსიური ვაშლი და თხილი)?

გაშენებული ბაღების ჯამური ფართობი 58 ჰა-ს აღემატება. ლურჯი მოცვი ძირითადად სამეგრელო, გურიასა და იმერეთის მხარეში გაშენდა; ვაშლის გაშენების არეალი - შიდა ქართლია, ხოლო თხილი დასავლეთი, კერძოდ, გურია - იმერეთის მხარეში.

- საინტერესოა, რა ტრენდები შეიმჩნევა მრავალწლოვანი კულტურების გაშენების შედეგად?

ექსპორტის თვალსაზრისით, ვაშლი და მოცვი უფრო მეზობელ ქვეყნებში იყიდება. მოცვის შემთხვევაში პროდუქტი გადის ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში, ევროპასა და აზიაშიც. აქ უფრო დივერსიფიცირებულია ბაზრები და მომავალში შესაძლებელია, რომ აქცენტი ევროპაზე გაკეთდეს, თუმცა ფასნამატი იქნება შედარებით დაბალი. რაც შეეხება თხილს, ამ შემთხვევაში მთელი მოსავალი ევროპაში მიდის ექსპორტზე, ეს ბაზარი დიდი ხნის გახსნილია და ამ მიმართულებით ნაკლები პრობლემებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები