მიმდინარე წლიდან, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი კომპანია "აგრობადე" მზისგან დამცავი ბადეების წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ BMG-ის კომპანიის დამფუძნებელმა ავთო მაისურაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ახლა არსებული პროდუქტის ანუ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების რეალიზაცია გაიზრდება. აღნიშნული პროდუქტის გაყიდვების ზრდა კი სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებისთვის თანადაფინანსების გაზრდაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ დღიურად 10 000 კვადრატულ მეტრ ბადეს ვაწარმოებთ. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა მაღალია, ფერმერებს ამ პროდუქტის შეძენა მაინც უჭირთ, რადგან ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ერთი ლარია, შემდეგ ამას ბოძების და მონტაჟის საფასური ემატება. სახელმწიფოს მხრიდან კი დაფინანსება ძალიან დაბალია, თუმცა ვარაუდობენ, რომ თანადაფინანსება გაიზრდება, რაც ავტომატურად ჩვენს გაყიდვებზეც აისახება; თუ ეს პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართა, ახალ პროდუქტსაც დავამატებთ", - ამბობს ავთო მაისურაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია 2023 წლის მაისში ამოქმედდა. ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი - დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია.