მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგრობიზნესის კომპეტენტური მრჩეველი - მიზანი: ბედნიერი ფერმერი

598c01aff0f6f
ელენე გოგბერაშვილი
10.08.17 11:00
1690
ბიზნესის დასაწყებად მხოლოდ იდეის არსებობა არაა საკმარისი. განსაკუთრებით, თუ ბიზნესის დაწყება სოფლის მეურნეობოს სფეროში გსურთ.  ბიზნესის წარმატებას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. არასწორმა კონსულტაციამ შესაძლოა უკვე შემდგარი თუ დამწყები ფერმერი არასასურველ შედეგამდე მიიყვანოს. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში არც თუ ისე ბევრი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აგრობიზნესის სწორად დაგეგმვაში და განხორციელებაში დაგეხმარებათ.

სწორედ, კვალიფიციური მომსახურების არარსებობამ უბიძგა ირაკლი ჩიქავას შეექმნა აგრარული საკონსულტაციო/მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მოქმედ ან ახალ ფერმერს კომპეტენტურ მომსახურებას გაუწევდა. კომპანიის დამფუძნებელი ,,საქმის კურსთან’’ საუბრისას ყვება, რომ "აგრო სოლუშენსის" ძირითად მომხმარებლებს ის ბიზნესმენები წარმოადგენენ, რომლებმაც წარმატებას სხვა სფეროში უკვე მიაღწიეს და აგრარულ სფეროში ინვესტიციების განხორციელება სურთ.

"მეგობარმა მთხოვა, მერჩია მისთვის ჯგუფი, რომელიც პროფესიონალურ აგრობიზნეს-გეგმას გაუკეთებდა. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანია უბრალოდ არ არსებობდა. ბევრი საკონსულტაციო კომპანია ამზადებს ბიზნეს-გეგმას, მაგრამ აგროსპეციფიკა ყველასთვის აქილევსის ქუსლი გამოდგა. კომპანიის შესაქმნელად სტიმული სწორედ, ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა მომცა", - ამბობს ირაკლი ჩიქავა.

როგორც ჩიქავა ყვება, თავიდან საქმიანობა ბიზნესგეგმის შედგენით დაიწყეს. ბიზნესგეგმის ცოდნის სპეციპიკიდან გამომდინარე გაჩნდა სპეციალისტების საჭიროება. ოფისის გარეშე მიიღეს პირველი შეკვეთები. ინვესტიცია ძირითადად არამატერილური იყო. როგორც თავად ამბობს, ახალი ბიზნესი მხოლოდ ცოდნასა და დროს მოითხოვდა.

"ბაზარზე 2015 წლიდან ვართ. ჩვენს გუნდს, გარდა სოფლის მეურნეობის ექსპერტებისა, ფინანსისტები, აგრობიზნეს მენეჯერები და მარკეტოლოგები შეადგენენ. მიზანი არის სინერგია, სპეციფიური ცოდნის თანამედროვეობაზე მორგება და ბაღის გაშენების დღიდან ზრუნვა მის შემდგომ რეალიზაციაზე.

სამწუხაროდ, ბაზარზე თითქმის არ არსებობს კვალიფიციური კომპანია, რომელიც შეძლებს მოქმედ ან ახალ ფერმერს კომპეტენტური მომსახურეობა გაუწიოს’’-ამბობს ჩიქავა.

მისი თქმით, "აგრო სოლუსენსი" ბიზნესმენებს ეხმარება იდეის გენერირებიდან-Turn Key პროექტის ჩაბარებამდე. მათი მიზანია ბედნიერი ფერმერი, რომელმაც ხარჯების ოპტიმიზაციაც სწორად მოახერხა და მიღებული მოსავლის გაყიდვაც ადვილად შეძლო.

წელს "აგრო სოლუშენსი’’ "თიბისი ბანკისა და "ჯეოსელის’’ პროექტ "ბიზნესდაჯილდოება 2017’’-ში იღებს მონაწილეობას. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, "წლის აგრობიზნესის" ნომინაციაში მათ მონაწილეობას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი: სურთ მათ შესახებ ხმის მიწვდენა იმ ხალხისთვის, ვინც აგრობიზნესშია, ან სამომავლოდ აპირებს ამ ტიპის ბიზნესის წამოწყებას. აგრეთვე, ძალიან უნდათ აღნიშნული სფეროს პოპულარიზაცია და მეტი ახალგაზრდის დაინტერესება აგრობიზნესით.

"ეს აუცილებლად ძალიან კარგად აისახება სექტორზე და ჩვენც უფრო სწრაფად და სწორედ შევძლებთ განვითარებას", - ამბობს ირაკლი ჩიქავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები