აგროდაზღვევის პროგრამაში წელს დანერგილმა ტარიფების ბადემ გაამართლა - ამის შესახებ BMG -სთან სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წელს, შესული ცვლილებებით შეიცვალა სადაზღვევო ტარიფები; კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, განისაზღვრა სადაზღვევო ტარიფის ქვედა და ზედა ზღვარი. მიზანი პროგრამის მიერ ფერმერების მოცვა გაზრდაა.
ნატალია ხარატიშვილი ამბობს, რომ დაწესებული მინიმალური და მაქსიმალური ტარიფების დიაპაზონში თავად სადაზღვევო კომპანია და ფერმერი თანხმდებიან რა ტარიფით მოხდება კონკრეტული კულტურის დაზღვევა.
„აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, მზღვეველებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს უწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ზრდას“, - განმარტავს სააგენტო.
სააგენტოს მონაცემებით, ამ მხრივ საინტერესო მაჩვენებელი ის ზრდის დინამიკაა, რაც დაფიქსირდა კახეთის რეგიონის შედარებით მაღალრისკიან და შედარებით დაბალრისკიან მუნიციპალიტეტებში, ყვარელსა და საგარეჯოში, ერთ შემთხვევაში ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 270 ჰექტარით მეტია, ხოლო მეორე შემთხვევაში დაზღვეული ფართობის მონაცემი გასამმაგდა.
„არის ბადე - მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი და თავად სადაზღვევო კომპანია უთანხმდება ფერმერს რა ტარიფით დააზღვევს მოსავალს. ეს გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებია რისკის დადგომის ალბათობა, მაგალითად, ნაკლებად მოდის სეტყვა, არ ყოფილიყო იგივე ტარიფი, რაც მაღალრისკიან რეგიონებშია. ამიტომ გაკეთდა ტარიფების ბადე. 25%-ით დაიწია ქვედა ზღვარმა და ასევე 25%-ით აიწია ზედა ზღვარმა. ძალიან საინტერესო შედეგები გვაქვს. ცოტა შიშით ვუყურებდით, რადგანაც პროცენტის ზრდას შესაძლოა ინტერესის დავარდნა მოჰყოლოდა, თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს რომ ინტერესი არ შემცირებულა“, - ამბობს ნატალია ხარატიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ,,აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში დაზღვეულია 172,112 ჰა მიწის ფართობი. 2024 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით 69,686 ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 179,108 პოლისი.