მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ბოლომდე ფერმერის ინტერესებს არ ემსახურება, საჭიროა ცვლილებები - ფერმერთა ასოციაცია

სოფლის მეურნეობა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შეტანაა საჭირო.

როგორც BMG-სთან ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა, ილია კუნჭულიამ განაცხადა, დღეს პროგრამის დიზაინი ბოლომდე ფერმერის ინტერესებზე მორგებული არაა და საჭიროა, გაიზარდოს რისკების ჩამონათვალი, ასევე გაუმჯობესდეს ზარალის ანაზღაურების სისტემა.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებდა.

“აგროდაზღვევის პროგრამის პირობები მორგებული არის სადაზღვევო კომპანიებზე, იმიტომ რომ სახელმწიფოს სრული ადმინისტრირება ამ აგროდაზღვევის პროგრამის აქვს “აუთსორსზე” გატანილი და სადაზღვევო კომპანიები არიან ყველაფერზე პასუხისმგებელი. [სახელმწიფოს] მხრიდან მხოლოდ სადაზღვევო პრემიების სუბსიდირება ხდება, 50-70%-მდე თანაგადახდა სახელმწიფოს მხრიდან ხდება.

სადაზღვევო კომპანიები, რა თქმა უნდა, ორიენტირებული არიან მოგებაზე და შესაბამისად, არც ისე კარგი პირობები არის საერთო ჯამში გაწერილი. ანუ ბოლომდე ფერმერის ინტერესებს არსებული პროგრამა არ ემსახურება. საჭიროა, რომ მოხდეს ცვლილებები ამ პროგრამაში და რისკების ჩამონათვალის გაფართოება, ვადების გაფართოება. ასევე შეფასების სისტემის, ზარალის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება, რომ უკეთესი რეპუტაცია ჰქონდეს ამ სისტემას და მეტი ნდობა.

ორი წლის წინ აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტი აგროდაზღვევის პროგრამის და იქ რა რეკომენდაციაც იყო მთავარი, სამწუხაროდ დღემდე არ შესრულებულა, რომ [გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ აწარმოოს რეესტრი ამ სადაზღვევო შემთხვევების და კლიმატური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალის. მაგალითად, სეტყვის აღრიცხვა საერთოდ არ ხდება ქვეყანაში. არ ვიცით, როდის, სად, რამდენჯერ მოხდა სეტყვა. გარემოსდაცვითი სააგენტო, რომელიც ნალექს და ქარის სიჩქარეს აღრიცხავს, სეტყვას ვერ აღრიცხავს. ამისთვის ერთადერთი წყარო ფაქტობრივად სადაზღვევო კომპანიები არიან, თუმცა ეს მონაცემები არ საჯაროვდება და არ ვიცით სამინისტრო ამას რაში და როგორ იყენებს, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ამ პროგრამაში ცვლილებები არ შესულა. საჭიროა, რომ გამჭვირვალე გახდეს ეს პროცესი და გამჭვირვალობა უფრო მეტი სადაზღვევო კომპანიის ჩართვასაც უზრუნველყოფს პროგრამაში”, - განაცხადა ილია კუნჭულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები