„აგროდაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერები გაზრდილ თანადაფინანსებას მიიღებენ.
კერძოდ, ცვლილებების თანახმად, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება 75%-ით, ნაცვლად 70%-ისა.
გარდა ამისა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, პროგრამაში შესული ცვლილებით, სადაზღვევო კომპანიას საშუალება ეძლევა მეტად ოპერატიულად და ზუსტად შეაფასოს დაზარალებულთა რაოდენობა და ზარალის ხარისხი, შეამციროს იმ შეტყობინებების რაოდენობა, რომელიც არ მოითხოვს რეაგირებას.
"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შესაძლებლობას აძლევს ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დააზღვიონ მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად იცვლება, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობის წინაპირობაა", - წერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.




























