სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება - ამის შესახებ "აგროჰაბი" გავრცელებულ განცხადებაში წერს.
დაახლოებით 4 წელია, სასამართლოში ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგასა" და რევაზ ვაშაკიძის კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ჩირინას" შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს.
საქმის მასალების მიხედვით, დავის საგანი ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი “ჩირინას" მიერ მიწოდებული ქათმის ნაკელია, რომელმაც " ყვარლის ბაგას" ცხოველების ნაწილი დახოცა. ქათმის ფერმაში ამბობენ, რომ მათ პროდუქცია არა - საკვებად, არამედ სასუქად მიჰყიდეს, მისით ცხოველების კვება აკრძალულია და ამიტომ, არ შევლენ დავის სხვა დეტალებში. მოსარჩელე მხარე კი ამბობს, რომ "ჩირინას" არაერთი სიტყვიერი და წერილობითი რწმუნების მიუხედავად, რომ ასე არ იქნებოდა, ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ კომპანია აგროჰაბში ნებისმიერი ნედლეული თუ პროდუქტი, რომელსაც კომპანია იღებს სხვა მომწოდებლისგან გადის რამდენიმე საფეხურიან დამატებით შემოწმებას ჩვენსავე ლაბორატორიაში.
კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.
იყო შემთხვევა, როდესაც მომწოდებლის მხრიდან მიღებულმა რძემ ვერ დააკმაყოფილა აღნიშნული შემოწმების კრიტერიუმები და ასეთი პროდუქტი უკან იქნა გაბრუნებული.
სრულიად გამორიცხულია ნედლეულმა გადმოკვეთოს აგროჰაბის წარმოების „საზღვარი“ და შემდეგ პროდუქტის სახით გავიდეს საწარმოდან, რომელიც რაიმე სახით არ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან და ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულება", - წერს კომპანია.




























