არსებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთჯერადი გამოყენების საგნების იმპორტისა და მოხმარების აკრძალვას 2026 წლის იანვრიდან გეგმავს, თუმცა ჯერ კონკრეტულ ვადებზე კერძო სექტორთან შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარია საკვებთან შემხებლობაში არსებულ პლასტიკის ნაწარმის აკრძალვაზე, რაც სამინისტროში კერძო სექტორთან რამდენიმე შეხვედრა შედგა.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობას სურს რეალურად აღსრულებადი რეგულაცია მიიღოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის პლასტიკის ნაწარმზე გავრცელდება აკრძალვა და რა ახალი თამაშის წესებით მოუწევს ოპერირება ბიზნესს.
“ლანჩ გრუპის” დამფუძნებლის თემურ თვალაძის თქმით, ალტერნატიულ მასალებზე (მაგ. მუყაო, ბიომასალა) გადასვლა პროდუქციას მკვეთრად გააძვირებს. მაგალითად, 25-თეთრიანი კონტეინერის ფასმა შეიძლება ლარნახევარს მიაღწიოს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ბიუჯეტზე ნეგატიურად აისახება.
მისივე თქმით, ბიზნესის ახალ სტანდარტებზე გადაწყობას დიდი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება. მხოლოდ ახალი დანადგარების დამზადებასა და ჩამოტანას შესაძლოა 9 თვეზე მეტი დასჭირდეს.
“თუ ადგილობრივმა მწარმოებლებმა გადაწყვიტეს ახალ რეგულაციაზე გადაეწყონ და მისცეს მაგალითად მრავალჯერადი საგნების წარმოების ნება, მინიმუმ ექვსი თვე ამისთვის საკმარისი არ არის. ჩინეთში ან ევროპაში რომ შეუკვეთო დანადგარი, დანადგარის დამზადებას სჭირდება სადღაც ექვსი თვე. პლუს ჩამოტანა სამი თვე და თანხის მოძიება ძალიან, ძალიან გაჭირდება.
კიდევ ერთი შეხვედრა გვინდა გავაკეთოთ, რომ მივიდეთ და აგვიხსნან, დაგვილაგონ, რა ჩაითვლება მრავალჯერადად და რა ჩაითვლება ერთჯერადად. რა სისქე უნდა იყოს საგანი, რა მოცულობის და რა მასალა უნდა იყოს.
სოფლის მეურნეობაში გამოყენებად ყუთებს რას ვუშვებით? მოცვის შესანახ ყუთებს რას ვუშვებით? პომიდორი რომაა დაფასოებული კარფურში თუ ნიკორაში რომ შედიხართ, ის ხომ ფაქტობრივად იკრძალება. ის ხომ მრავალჯერადი არაა, ის ერთჯერადია. უნდა დაკონკრეტდეს, რას აძლევ ნებას და რას არ აძლევ ნებას”,-აცხადებს თემურ თავალაძე.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება ბაზარზე ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების განთავსებას და კანონი წარმოებას და ექსპორტს არ კრძალავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612 მილიონზე მეტ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს და სასმლის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 4-დან - 6 ათას ტონამდე პლასტიკს შეადგენს. ამ მოცემულობით, პლასტიკის საგნების რა ტიპის რეგულირებას სთავაზობს ბაზარს დარგობრივი სამინისტრო ჯერ უცნობია.




























