ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს აგვისტო-სექტემბრის პერიოდზე, რადგანაც ნომრების 80%-ზე ჯავშნები უკვე მიღებულია, - ამის შესახებ Bm.ge-ის Kobuleti Garden Inn-ის დამფუძნებელმა იოსებ გუნთაიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ქობულეთში აქტიური ტურისტული სეზონი მათსავე სასტუმროზეც აისახა და განთავსების ობიექტი ივლისის ბოლოს მდგომარეობით სრულად დატვირთული იყო.
„ჩვენს სტუმრებს წარმოადგენენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ტურისტები, როგორც მეზობელი ასევე ევროპული ქვეყნებიდან. ძირითადად გვყავს წყვილები და ოჯახები, მცირეწლოვანი ბავშვებით“, - აღნიშნა სასტუმროს დამფუძნებელმა.
ქობულეთის სანაპიროდან 50 მეტრში მდებარე 6-სართულიანი, 28-ნომრიანი სასტუმრო Kobuleti Garden Inn-ი 2019 წელს გაიხსნა და ჯამურმა ინვესტიციამ 2.5 მლნ ლარი შეადგინა. სასტუმროში ფუნქციონირებს საცურაო აუზი, მათ შორის საბავშვოც და რესტორანი - Medusa ქართულ-ევროპული კერძებით.
„ჩვენს უპირატესობაა ადგილმდებარეობა, ასევე მაღალი ხარისხი, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ, სასტუმროს ნომრები მოწყობილია ყველა სტანდარტის დაცვით. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასტუმრო გარშემორტყმულია 5000 კვმ-მდე გამწვანებული და მოწესრიგებული ეზოთი, საკუთარი პარკინგითა და სხვადასხვა გასართობებით ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა bm.ge-სთან საუბრისას იოსებ გუნთაიშვილმა.
მისივე თქმით, ბიზნესის განვითარების კუთხით, იგეგმება დამატებით 25-ნომრიანი კოტეჯის სტილის სასტუმროს განთავსებაც, თუმცა, ეს იდეა ჯერ საწყის ეტაპზეა და მისი განხორციელების ვადები ჯერ დაზუსტებული არ არის.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სასტუმროზე მოთხოვნა მზარდია, გაფართოება ჩვენს გეგმებში შედის", - ამბობს Kobuleti Garden Inn-ის დამფუძნებელი.
რაც შეეხება განთავსების ფასებს, აგვისტოს თვეში Kobuleti Garden Inn-ის ორადგილიანი ნომერი - 230 ლარი, სამადგილიანი - 290 ლარი, საოჯახო ნომერი კი 355 ლარი ჯდება. ფასში გათვალისწინებულია დღგ და საუზმეც.