2026 წლის ზაფხულში ქართულ შრომის ბაზარზე ვაკანსიების გამოცხადების ტემპი შენელდა. PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებების საერთო კლებაში გადამწყვეტი როლი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მოთხოვნის მკვეთრმა შემცირებამ ითამაშა.
კერძოდ, მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით Jobs.ge-ზე სულ 22 979 ვაკანსია გამოქვეყნდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0%-ით ნაკლებია.
უშუალოდ 2026 წლის აგვისტოში კი ვებგვერდზე 7 040 ვაკანსია განთავსდა. ეს ივლისის მაჩვენებელთან (8 138 ვაკანსია) შედარებით 13.5%-იანი, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 3.3%-იანი კლებაა.
აგვისტოში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ყველა ძირითად კატეგორიაში შემცირდა
2026 წლის აგვისტოში Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა ივლისთან შედარებით უკლებლივ ყველა ძირითად კატეგორიაში შემცირდა. PMCG-ის მონაცემებით, თვიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი ვარდნა ტექნოლოგიურმა და საფინანსო სექტორებმა განიცადეს, ხოლო შედარებითი სტაბილურობა ლოგისტიკის მიმართულებამ შეინარჩუნა.
თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი კლება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების (IT) სფეროში დაფიქსირდა. თუ ივლისში ამ მიმართულებით 238 ვაკანსია იყო გამოცხადებული, აგვისტოში მათმა რაოდენობამ 188-მდე დაიწია, რაც ერთ თვეში 21.0%-იან ვარდნას ნიშნავს.
მნიშვნელოვანი კლება აღირიცხა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაშიც, სადაც მოთხოვნა თითქმის მეხუთედით შემცირდა. აგვისტოში დამსაქმებლებმა საფინანსო მიმართულებით 1 351 ვაკანსია გამოაქვეყნეს, რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 19.5%-ით ნაკლებია.
ბაზრის ყველაზე მოცულობით სეგმენტში - გაყიდვებსა და შესყიდვებში, სადაც ივლისში რეკორდული 2 175 ვაკანსია ფიქსირდებოდა, აგვისტოში განცხადებების რაოდენობა 1 849-მდე ჩამოვიდა. შესაბამისად, ამ კატეგორიაში თვიურმა კლებამ 15.0% შეადგინა.
ანალოგიური ტენდენცია გამოიკვეთა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის პოზიციებზეც: აგვისტოში გამოცხადდა 1 479 ვაკანსია, რაც ივლისთან შედარებით 14.4%-ით ნაკლებია.
სხვა სფეროებთან შედარებით ყველაზე მცირე თვიური კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით გამოვლინდა. ამ სექტორში ვაკანსიების რაოდენობა ივლისის 1 287-დან აგვისტოში 1 222-მდე შემცირდა, რაც სულ რაღაც 5.1%-იანი კლებაა და მიუთითებს, რომ სეზონური შენელების ფონზე ლოგისტიკურ კადრებზე მოთხოვნა ყველაზე მყარი აღმოჩნდა.
რაც შეეხება კატეგორიას "სხვა", სადაც არასპეციფიკური და დანარჩენი ვაკანსიები ერთიანდება, აქ ივლისში დაფიქსირებული 2 838 განცხადების შემდეგ, აგვისტოში 2 427 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 14.5%-იან კლებას წარმოადგენს.
























