თხევადი გაზი დეფიციტშია. მაღალი მოთხოვნის და არასაკმარისი მიწოდების ფონზე გაზგასამართ სადგურებში LPG ტიპის საწვავის ღირებულება მაღალი ნიშნულზე ნარჩუნდება. ტურისტულ სეზონზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმპორტიორ ქვეყანაში ქარხნების შეფერხებამ ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი შექმნა.
იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთში თხევადი აირის შესყიდვის ღირებულება მაისის შემდეგ გაორმაგდა, რამაც გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც იქონია.
ამ დროისთვის გაზგასამართ სადგურებზე LPG-ის ღირებულება ერთი ლარი და 90 თეთრია. თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი ამბობს, რომ დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად LPG ტიპის საწვავზე ფასების მნიშვნელოვან კლებას უახლოეს მომავალში ელოდება.
“მაისის ბოლოს თუ რუსეთში 1 ტონა თხევადი აირი ღირდა 22 000 რუბლი, ყოველი თვე, ივნისი, ივლისი, აგვისტო ღირებულება 10 000 რუბლით იზრდებოდა. ამჟამად, აგვისტოს ბოლოს ფასმა პიკს მიაღწია და იყო 51 000-52 0000 რუბლამდე. ყოველდღე ველოდებით დეფიციტის აღმოფხვრას, იმიტომ რომ რეგიონში შემოვა საკმარისი თხევადი გაზი და შესაბამისად, თბილისსა და საქართველოში მთლიანად იქნება აღდგენილი მომარაგება. დეფიციტის კლებასთან ერთად ფასიც რა თქმა უნდა, დაიწევს,” - ამბობს თხევადი გაზის იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ნარიმან ფირცხელიანი.