მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ბუმის ფონზე, დატაცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იზრდება

დატაცენტრი

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, დატაცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ AI-მოდელებზე მოთხოვნა ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება, კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, უფრო დიდი მონაცემების გადამუშავება და შენახვა უწევთ, რაც, თავის წილ, მსოფლიოში დატაცენტრების რაოდენობას ზრდის. გამომდინარე იქიდან, რომ დატაცენტრების ასამუშავებლად და გასაგრილებლად ბევრი ელექტროენერგია არის საჭირო, ამ რესურსზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება.

ენერგომოხმარება ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორია. კარდაშევის თეორემა გვეუბნება, რომ კაცობრიობის განვითარება შეუძლებელია ენერგომოხმარების ზრდის გარეშე, ხოლო ტექნოლოგიური პროგრესი ენერგიის წყაროების განვითარებას და ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. ამიტომაცაა, რომ პლანეტის ეკონომიკური განვითარების, ინდუსტრიალიზაციის და გაციფრულების ფონზე, ელექტროენერგიის, ისევე, როგორც ენერგიის სხვა მდგრადი წყაროების მოხმარება სტაბილურად იზრდება.

2022 წლის მონაცემებით, დედამიწამ დაახლოებით 27,000 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ელექტროენერგიის გლობალური მოხმარება სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ინდუსტრია: ~33% (~9,000 ტერავატ-საათი)
საცალო: ~24% (~6,500 ტერავატ-საათი)
კომერციული და საჯარო: ~17% (~4,500 ტერავატ-საათი)
ტრანსპორტი: ~4% (~1,000 ტერავატ-საათი)
სხვა: ~20% (~5,400 ტერავატ-საათი)

თუკი ზემოხსენებულ სექტორებს და ელექტროენერგიის მოხმარების მარტივ ეკონომიკურ მოდელს გავითვალისწინებთ, ლოგიკურად დავასკვნით, რომ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მსოფლიოს ყველაზე დიდი, უხვმოსახლიანი და განვითარებული სახელმწიფოები მოიხმარენ. 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ენერგომოხმარება შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:

ჩინეთი: ~ 9,445 ტერავატ-საათი
აშშ: ~ 4,150 ტერავატ-საათი
ინდოეთი: ~ 1,800 ტერავატ-საათი
რუსეთი: ~ 1,200 ტერავატ-საათი
იაპონია: ~ 950 ტერავატ-საათი

თუმცა ელექტროენერგიის ჯამურ მოხმარებასთან ერთად, ბოლო წლებში ელექტროენერგიის დიდ შემსყიდველებად დატაცენტრები გვევლინებიან. 2022 წელს, მსოფლიოში არსებულმა დატაცენტრებმა ჯამში 415 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც გლობალური მოხმარების 1.5%-ია. შედარებისთვის გეტყვით, რომ დატაცენტრები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე გაერთიანებული სამეფო და დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც საფრანგეთი. ქლაუდის, სტრიმინგის და AI-ის განვითარებასთან ერთად, ამ მაჩვენებლის რამდენიმეჯერ გაზრდა არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები