Google-ის სათბურის აირების ემისიები 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, 48%-ით გაიზარდა - ამის შესახებ კომპანიის ეკოლოგიურ ანგარიშშია საუბარი. ემისიების ზრდას ტექნოლოგიური გიგანტი ენერგიის მოხმარების ზრდას უკავშირებს, რაც მონაცემთა ცენტრების ოპერირებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვისაა საჭირო.
AI-ის სერვისებისთვის გაცილებით ძლიერი კომპიუტერებია საჭირო, რაც უფრო მეტ ენერგიასაც მოითხოვს, ვიდრე სტანდარტული ონლაინ აქტივობა.
2024 წლის კლიმატის ანგარიშში Google აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიზნისა, კომპანიამ 2030 წლისთვის ნულოვან ემისიას მიაღწიოს, AI-ის განვითარებასთან ერთად, ამ შედეგის მიღწევა ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული.
მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემთა ცენტრები კომპიუტერული სერვისების მასობრივი კოლექციაა - ხელოვნური ინტელექტის განვითარებას კი ასეთი ასობით ცენტრი სჭირდება. BBC-ის ინფორმაციით, გენერაციული AI სისტემის ოპერირებას 33-ჯერ უფრო მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე კონკრეტულ დავალებებზე ორიენტირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს.
ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის ემისიებში მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში განთავსებული ცენტრების კონტრიბუცია ერთმანეთისგან განსხვავდება. ევროპასა და ამერიკაში განთავსებული ცენტრების უმრავლესობა ენერგიას სუფთა რესურსებიდან აგენერირებენ, შუა აღმოსავლეთში, აზიასა და ავსტრალიაში კი - არა.
Google აღნიშნავს, რომ გამოყენებული ენერგიის ⅔ ნახშირბად-ნეიტრალური წყაროებიდან გენერირდება.