ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. IPOA-ს იურიდიული სამსახურის უფროსის ლაშა მდივანი კულტურის სფეროში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ჩარჩოს შემუშავებასა და საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების შესახებ ინფორმაციის განხილვაზე განაცხადა
"AI-ის ნაწარმოებებმა კრეატიული ინდუსტრია რომ გვერდზე გასწიონ, ამის მცდელობები უკვე დაწყებულია", - აღნიშნა მან კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხების რეგულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მცირე, თუმცა კულტურულად მდიდარი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
„თუ უფლებამფლობელებმა არ მიიღეს კუთვნილი ჰონორარი, ეს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კულტურის სფეროში დეგრადაციას გამოიწვევს. ავტორებს აღარ ექნებათ მოტივაცია შექმნან ახალი კონტენტი, რადგან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი უფრო სწრაფი და იაფი იქნება“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტექნოლოგიები გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოები, რის გამოც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის რეგულირებული.
„დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია ხელოვნური ინტელექტის მიერ სხვადასხვა კონტენტის გენერირება. AI-ს შეუძლია შექმნას მუსიკა, სიმღერა და სხვა ტიპის ნაწარმოებები, თუმცა ამ პროცესში ხშირად გამოიყენება ისეთი მასალები, რომლებსაც ჰყავთ კონკრეტული უფლებამფლობელები“, - განაცხადა მდივანმა.
მისივე განმარტებით, პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ხშირად იტვირთება უკვე არსებული ნაწარმოებები, რომელთა ავტორებს არც თანხმობას სთხოვენ და არც ჰონორარს უხდიან.
"დღეს გვაქვს რეალობა, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მუსიკალური რეპერტუარი უკვე ატვირთულია სხვადასხვა AI პლატფორმაზე და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ნაწარმოებების ატვირთვისას უფლებამფლობელებისთვის არც თანხმობა უკითხავთ და არც მათი გამოყენებისას იღებენ ისინი რაიმე სარგებელს.
დღეს უკვე საქართველოში ცალკეული მოსარგებლეები ცდილობენ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი ისე, რომ თავიდან აირიდონ ჰონორარის გადახდა. ის, რომ AI-ის ნაწარმოებებმა გვერდზე გაწიონ კრეატიული ინდუსტრია, ამის მცდელობები უკვე დაწყებულია“, – აღნიშნა მდივანმა.
IPOA-ს იურიდიული სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე ფიქსირდება სასამართლო დავებიც. მაგალითად, გერმანიაში მსგავსი საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტების უნებართვო გამოყენების ფაქტი დაადასტურა. დარგის წარმომადგენელი იმ მოდელებზე საუბრობს, რომლის შემუშავებითაც საკითხისადმი მიდგომა შეიცვლება.
მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გზა წინასწარი ლიცენზირების სისტემაა, რომლის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები უფლებამფლობელებისგან წინასწარ მიიღებდნენ ნებართვას მათი ნაწარმოებების გამოყენებაზე, თუმცა ეს პრაქტიკაში რთულად განხორციელებადად მიიჩნევა. "კიდევ ერთ ვარიანტად განიხილება ე.წ. გაფართოებული ლიცენზირება, როდესაც ნაწარმოებების გამოყენება დაშვებულია, თუმცა უფლებამფლობელს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევებში უარი თქვას, ხოლო სხვა შემთხვევაში კოლექტიური მართვის ორგანიზაციები ჰონორარს აგროვებენ და ანაწილებენ. ასევე განიხილება მოდელი, რომელიც ე.წ. კერძო კოპირების სისტემას ჰგავს – ამ შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების გამოყენება დაშვებული იქნება, ხოლო შეთანხმებული ტარიფის მიხედვით ჰონორარის შეგროვებას კოლექტიური მართვის ორგანიზაციები უზრუნველყოფენ", - განმარტა ლაშა მდივანმა.




























