„თეგეტა ჰოლდინგში“ ხელოვნური ინტელექტი როგორც შიდა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, ისე მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება, – ამის შესახებ „ბიზნესის კვირეულში“ „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა ნიკა კოხოძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ორ ძირითად მიმართულებად იყოფა. პირველი შიდა ოპერაციების გაუმჯობესებას უკავშირდება.
„დღეს, მაგალითად, იურიდიულ სამსახურში კონტრაქტებს ჩვენი იურისტები ვორდში ჩაშენებული პლაგინით ამუშავებენ. ეს არის ქართული სტარტაპი Lawformer-ი, რომლის დახმარებითაც კონტრაქტების ანალიზი და შერჩევა მნიშვნელოვნად გამარტივდა“, – აღნიშნა კოხოძემ.
მისივე ინფორმაციით, ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს მარკეტინგის მიმართულებაც, რაც კომპანიას „პროდაქშენის“ ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
ნიკა კოხოძის თქმით, შიდა ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა მონაცემების საცავის შექმნა UNISTREAM-ის პლატფორმის გამოყენებით.
„ჩვენ შევქმენით მონაცემების საცავი, რომელსაც დაედო სემანტიკური ფენა და ხელოვნური ინტელექტი. შედეგად, ფინანსური რეპორტინგი გაცილებით მარტივი გახდა, ფინანსურ ანალიტიკოსს შეუძლია მონაცემებთან დიალოგის რეჟიმში იმუშაოს და რეპორტი შექმნას“, – განაცხადა კოხოძემ.
მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხოლოდ შიდა პროცესებით არ შემოიფარგლება და კომპანიას მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული პროდუქტების განვითარებაც აქვს დაგეგმილი.
„ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ ჩამოვაყალიბოთ „ფლიტ მენეჯმენტის“ ციფრული პლატფორმა. ეს იქნება ტექნოლოგიური გადაწყვეტა, სადაც ბიზნესის მფლობელები ლაივ რეჟიმში დაინახავენ ავტოპარკთან დაკავშირებულ ხარჯებს, ავტომობილების გეოლოკაციას, სერვისებსა და კილომეტრზე გაწეულ დანახარჯებს“, – განაცხადა კოხოძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ციფრული პლატფორმის ოფიციალური ანონსი 2026 წელს იგეგმება.
ნიკა კოხოძემ ასევე ისაუბრა „თეგეტა ჰოლდინგში“ SAP სისტემის განახლებაზე და აღნიშნა, რომ SAP S/4HANA-ზე გადასვლა კომპანიისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება არ არის.
„SAP ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ბირთვული სისტემაა 2007 წლიდან. SAP S/4HANA-ზე გადასვლამ მოგვცა შანსი, გადაგვეხედა ბიზნეს პროცესებისთვის, უფრო მეტად სტანდარტიზებული გარემო შეგვექმნა“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება კომპანიას საშუალებას აძლევს გახდეს უფრო მეტად რეგიონულ ბაზრებზე ორიენტირებული.




























