ქართული პროექტი AI News საერთაშორისო პრესტიჟულ მედიაკონკურსში WAN-IFRA Digital Media Awards 2024 ფინალისტთა შორის მოხვდა. პროექტი ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა შექმნა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული მედიაპროექტი კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადის. კატეგორიაში „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საუკეთესო ახალი ამბების პროდუქტი“ AI News 20 ფინალისტს შორის, მათ შორის New York Times-ს, Financial Times-სა და The Guardian-ს კონკურენციას უწევს.
პროექტის ავტორმა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ ეს მიღწევა მხოლოდ ორგანიზაციისთვის კი არა, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, AI News დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა და თავდაპირველად მიზნად იმ პრობლემების გადაჭრას ისახავდა, რაც ქართულ, განსაკუთრებით რეგიონულ მედიაში არსებობს. „ჩვენ არ გვქონდა ხელმისაწვდომობა იმ მოვლენებზე, რაც მსოფლიოში ხდება. რეგიონულ მედიას არ შეუძლია ჰყავდეს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, ამიტომ გადავწყვიტეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროექტი წარმოადგენს ქართულენოვან გენერატორს, რომელიც შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ქმნის მასალებს, ამუშავებს ტექსტებს და ვიზუალურ კონტენტსაც წარმოშობს. „ვასწავლეთ სისტემას სტატიების დაწერა, ფოტოების გენერირება და მზა პროდუქტის მიწოდება. პროექტი თავადაც აქვეყნებს და ავრცელებს მასალებს“, – აღნიშნავს ის.
კუპრაშვილის თქმით, პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის – მისი ნაწილი შიდა გამოყენებისთვისაა გათვალისწინებული, განსაკუთრებით რეგიონული მედიის მხარდაჭერის მიზნით. ის დასძენს, რომ მოგვიანებით პროექტს დაემატა აუდიტორიის ანალიზის ფუნქცია – AI Audience, რაც პლატფორმას შედარებით მდგრად მოდელს სძენს.
„ხელოვნური ინტელექტი არ ანაცვლებს ჟურნალისტებს, არამედ ავსებს მათ შესაძლებლობებს. ჟურნალისტებს რჩებათ გადამოწმებისა და შეფასების ფუნქცია. სისტემა უკვე საკმაოდ სანდოა, თუმცა კონტროლი კვლავ აუცილებელია“, – აცხადებს კუპრაშვილი.
მისივე თქმით, AI-ის შემთხვევაში არსებობს ე.წ. „ჰალუცინაციები“, რის გამოც გადამოწმება აუცილებელია, თუმცა AI News-ის ალგორითმი რისკებს მინიმუმამდე დაჰყავს. კუპრაშვილი ასევე აღნიშნავს AI-ის განვითარების რისკებს, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. მისი თქმით, ტექნოლოგია ზრდის შანსს, რომ ადამიანები დაიჯერებენ მათთვის სასურველ, მაგრამ არასწორ ინფორმაციას, რაც კიდევ უფრო ზრდის ჟურნალისტებისა და "ფაქტჩეკინგის" მნიშვნელობას.
„თუ ქართულენოვანი კონტენტი არ არსებობს, ხელოვნური ინტელექტიც ვერ შექმნის შესაბამის ინფორმაციას“, – ამბობს ის. კუპრაშვილის შეფასებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ აქტიურად შექმნას ციფრული შინაარსი, რადგან ეს განსაზღვრავს, როგორ „სწავლობს“ ხელოვნური ინტელექტი : „მომავალში ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჟურნალისტიკას, თუმცა ამ პროცესში გაიზრდება როგორც შესაძლებლობები, ისე პასუხისმგებლობები“, – დასძენს კუპრაშვილი.




























