შრომის ბაზარი ეიაის პირობებში გლობალურ თუ ლოკალურ დონეზე მკვეთრად იცვლება. პირველ რიგში ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს გაგაცნობთ, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემებს ასახავს და რომლის მიხედვითაც, საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით 2 389 ლარამდე ზრდას აჩვენებს. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი კვლავ ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორშია და 4 400 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტრადიციულად შედარებით მაღალი ხელფასებია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში - 4 074 ლარით, მშენებლობაში - 3 496.6 ლარით და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში - 3 304.8 ლარის ოდენობით. II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%).
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ტრადიციულად და სამწუხაროდ ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქართველოში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკურად, თუმცა შრომის ბაზარზე ტენდენციები სექტორების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. პმსგის დასაქმების თრექერის 2026 წლის ივლისის მონაცემებით, თვიურ ხელფასს მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პარალელურად, მცირდება დაბალანაზღაურებადი კადრების წილი და იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისი ანაზღაურებაც 2,400 ლარს აჭარბებს — ასეთი დღეს დასაქმებულთა 41%-ზე მეტია. რაც შეეხება ვაკანსიებს, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, ყველაზე დიდი ზრდა გაყიდვებსა და ფინანსების სექტორში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე მკვეთრი კლება 28%-ზე მეტი, სწორედ ყველაზე მაღალანაზღაურებად ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში. HR.ge-ის მონაცემებით, თუ ადრე ტექნოლოგიური მიმართულება მთლიანი განცხადებების 7-8%-ს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.5%-ია. შრომის ბაზრის ექსპერტები ამ ტენდენციას ხელოვნური ინტელექტის აქტიურ დანერგვას უკავშირებენ. AI-მ არა მხოლოდ შეცვალა სამუშაო აღწერილობები, არამედ ზოგიერთ სფეროში, მაგალითად, მთარგმნელობით საქმიანობაში, კადრებზე მოთხოვნა თითქმის გააქრო. დღეს კომპანიებს, იმავე მოცულობის საქმის შესასრულებლად, ორჯერ ნაკლები თანამშრომელი სჭირდებათ. ბოლო დროს ეი აის დამანგრეველ ეფექტზე ბევრი მსხვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინტერვიუ გავრცელდა, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე შეუნიღბავი მაიკროსოფტის დამფუძნებლის პოზიცია იყო. „ხელოვნური ინტელექტი შრომის ბაზარს სრულად მოშლის, თუ პროცესებს სასწრაფოდ არ დავარეგულირებთ - განაცხადა ბილ გეითსმა CNN-თან ინტერვიუში ის ამბობს, რომ კაცობრიობა ოფიციალურად შევიდა არაპროგნოზირებად, ტურბულენტურ ეპოქაში, სადაც ტექნოლოგიის შესაძლებლობები იმაზე ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ვინმე ელოდა. გეითსი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ილუზიას, თითქოს AI, წინა ინდუსტრიული რევოლუციების მსგავსად, საბოლოოდ მაინც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მისი თქმით, ეს პროცესი ფუნდამენტურად განსხვავდება ისტორიაში არსებული ნებისმიერი მოვლენისგან. თუ წარსულში ეკონომიკას ადაპტაციისთვის თაობები ეძლეოდა, AI ერთდროულად უტევს როგორც „თეთრ საყელოებს“ -ბუღალტრებს, თარჯიმნებსა და ინტელექტუალურ სექტორს, ისე „ლურჯ საყელოებსაც“ -ანუ ფიზიკურ შრომას, სადაც ადამიანებს სულ მალე ჰუმანოიდური რობოტები ჩაანაცვლებენ. მილიარდერის თქმით, როდესაც ბაზარზე გაჩნდება 24-საათიან რეჟიმში მომუშავე, ადამიანის აზროვნების თანასწორი მანქანა, მასობრივი უმუშევრობა და გლობალური გაღარიბება რეალურ საფრთხედ იქცევა. შრომის ბაზრის კოლაფსთან ერთად, გეითსი ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების კრიტერიუმების კატასტროფულ დეფიციტზეც, რაც ბიოტერორიზმისა და კიბერთავდასხმების რისკებს უპრეცედენტოდ ზრდის. „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ტექ-ზედამხედველებსა და მსოფლიო ლიდერებს დუმილის დარღვევისა და AI-ის მკაცრი, დემოკრატიული რეგულაციების ჩარჩოში მოქცევისკენ მოუწოდებს იქამდე, ვიდრე პროცესების შეჩერება საბოლოოდ შეუძლებელი არ გახდება.
სტუმრები: მედეა ტაბატაძე - საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ი, მმართველი პარტნიორი; თორნიკე თოხაძე - კომპანია SKYHI-ს აღმასრულებელი დირექტორი;






























