ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა EK LAW OFFICE-ის თანადამფუძნებელი ეკატერინე ეგუტია, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში ეწევა, თავის კლიენტებზე დაკვირვებით ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „ინვესტორები საქართველოდან ამერიკაში მიდიან“, ვიდრე - პირიქით. "აიათოლას კანონების სივრცეში გადავედით... რა თქმა უნდა, ასეთი კანონები არაა მიმზიდველი დასავლელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ჩვენი ქვეყნით უცხოელი ინვესტორების დაინტერესების ხარისხი იყო.
- ეკა, თქვენ პრაქტიკას ეწევით როგორც ამერიკაში, ისე საქართველოში. ერთი წლის წინ, #წერტილთან ინტერვიუში ამბობდით, პოტენციური დასავლელი ინვესტორები უკვე აღარც იხედებიან საქართველოსკენ და კითხვებსაც აღარ სვამენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამოო. ერთი წლის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა არაერთი არადემოკრატიული კანონის მიღებით. დღეს როგორ აღწერდით საქართველოს საინვესტიციო კლიმატს?
- დიახ, ყოველწლიურად გვანცვიფრებენ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით და მდგომარეობა ყოველკვარტალურად მძიმდება. ხან უცებ ისეთ კანონს მიიღებენ, რომ სამწლიანი პატიმრობა ემუქრება მას, ვინც ამ ხელისუფლებას არ აღიარებს - რაღაც აიათოლას კანონების სივრცეში გადავედით. ხან კიდევ ისეთ კანონს მიიღებენ, რომ თუ უცხოელებთან მუშაობდი ან/და უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობდი, [8 წელი] გეკრძალება სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა... ასეთი კანონები, რა თქმა უნდა, არ არის მიმზიდველი დასავლელი ინვესტორებისთვის. შეიძლება მიმზიდველი იყოს ჩინელი ინვესტორებისთვის, არაბებთანაც გვაქვს საქმე ამ ბოლო დროს, მაგრამ ეს არ არის დემოკრატიული კანონები. დემოკრატიულ იურისდიქციებში მოღვაწე ინვესტორებისთვის მსგავსი კანონმდებლობა მიუღებელია. ამასთან, არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო. სასამართლოში ინვესტორი საკუთარ ინტერესებს ვერ იცავს, რადგან იქ სრული განუკითხაობაა - საქმეები წლები იხილება და გადაწყვეტილებები არ არის ობიექტური. ეს ყველაფერი, ცხადია, აფრთხობს ინვესტორს...მათ შორის ისიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ინვესტიციების მოსაზიდად - მიმზიდველები ვიყავით, რადგან გვქონდა წვდომა დიდ ბაზრებზე. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაშია, ასევე გვაქვს შეთანხმება ჩინეთთან, ანუ ფურცელზე ჩვენი ბაზარი ყველასთვის მიმზიდველია, მაგრამ მიღებული კანონები ძირს უთხრის ნებისმიერი ინვესტორის გადაწყვეტილებას, შემოვიდეს ქვეყანაში. მე არ მინახავს და არ გამიგია საქართველოში განხორციელებული ახალი, მსხვილი ამერიკული ან ევროპული ინვესტიცია. ვცდილობ გავიხსენო ვინმე დიდი, ვინც თავისი კაპიტალით შემოვიდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა მართლა არ ვიცი, რაც ძალიან სამწუხაროა... ტენდენცია პირიქითაა: ბოლო დროს ინვესტორები საქართველოდან ამერიკაში მიდიან. ჩემი კლიენტების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოდან ამერიკაში აფუძნებენ პატარა კომპანიებსა და სტარტაპებს და იქ უნდათ გადმოსვლა. ეს უკვე სხვა კატეგორიის ემიგრაციაა - ინვესტორ-ემიგრანტის სტატუსით მოდიან [საქართველოდან აშშ-ში].
- აშშ-მა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საიმიგრაციო პოლიტიკა საგრძნობლად გაამკაცრა. მახსოვს, ერთი წლის წინ, დეპორტირებული ქართველებისთვის თვითმფრინავიც იქირავეს, საქართველოში დასაბრუნებლად. რა ვითარებაა ახლა - საქართველოდან ვინ ითხოვს დღეს, ძირითადად, თავშესაფარს აშშ-ში?
- კონტროლი ძალიან გამკაცრებულია; მექსიკის საზღვარი ჩაკეტილია, თუმცა ხალხი სხვა გზებით მაინც ახერხებს შემოსვლას. მაგალითად, შემოდიან ვიზიტით, რჩებიან ტურისტებად და შემდგომ ითხოვენ თავშესაფარს. ასევე, აქტიურია ინვესტორებისა და ე.წ. „განსაკუთრებული უნარ-ჩვევების“ (გენიოსის ვიზების) მიმართულება. ამ კუთხით ემიგრაციამ უფრო მოიმატა, ვიდრე მექსიკის მხრიდან, რადგან იქ ფიზიკურად ჩაკეტილია საზღვარი. მართალია, წინა ადმინისტრაციის დროს არსებული რაოდენობით ვეღარ შემოდიან, მაგრამ ტურისტული ვიზით შემოსულთა მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება.
- ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული კანონების შედეგად, მათ შორის სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა საქართველოდან წასვლა...
- დიახ, და ეს არის ძალიან განათლებული და შეძლებული კატეგორია. ადამიანები, რომლებიც აქ ნორმალურად ცხოვრობენ, აქვთ ხელფასი და სტატუსი, მაგრამ არ სურთ არსებულ პირობებში ცხოვრება და ეძებენ გზებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოსასვლელად. ეს არის განმცხადებლების ახალი ტენდენცია - წიგნიერი ხალხი, რომლებსაც საელჩოში ვიზებსაც აძლევენ, ისინი კი ჩამოდიან და შემდგომ ითხოვენ თავშესაფარს.
- ცუდია, ქვეყნიდან წასვლის სურვილი სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება. წერტილი რას დავუსვათ ამ წელს საქართველოში?
- წელს წერტილი დავუსვათ ორ უმნიშვნელოვანეს რამეს - უკანონობასა და უსამართლობას.




























