აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ბანკი ქარის 100-მეგავატიანი ელექტროსადგურის პროექტის განვითარების, კონსტრუქციისა და ექსპლუატაციისთვის, ყაზახეთის სამხრეთ რეგიონ ზამბილში $36 მილიონს, სესხის სახით გამოყოფს.
პროექტის თანაავტორი ჩინური ელექტროენერგიის საერთაშორისო ჰოლდინგი DMCC-ია, ფინანსებს კი AIIB-თან ერთად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც გამოყოფს. გარდა ამისა, ყაზახეთში ქარის ელექტროსადგურის აშენებისთვის მწვანე კლიმატის ფონდი - $10 მილიონს, ხოლო სუფთა ტექნოლოგიის ფონდი $5.7 მილიონს გამოყოფს. გამოყოფილი ფინანსები პროექტის ეროვნულ ქსელში ინტეგრაციას მოხმარდება.
ცენტრალურ აზიაში ქარის ენერგიის განვითარება ყაზახეთის განახლებადი ენერგიის მოცულობას გაზრდის, რაც რეგიონში სათბურის აირების ემისიის შემცირებასაც გამოიწვევს. სრული დატვირთვით მუშაობისას, ახალი ელექტროსადგური ქვეყნის ემისიებს, საშუალოდ, ყოველწლიურად 200 000 ტონით შეამცირებს.
გამოყოფილი ინვესტიცია AIIB-ის მდგრადი ინფრასტრუქტურის პროექტების მზარდ პორტფოლიოს შეუერთდება. ბანკის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მათ მიერ გამოყოფილი ფინანსების 50% კლიმატთან დაკავშირებულ პროექტებში ჩაიდოს.