სადისტრიბუციო კომპანია "აიჯი დისტრიბიუშენი" გაკოტრებულად გამოცხადდა, 329 დებიტორის მიმართ არსებული 80 ათას ლარამდე დავალიანება კი გადაუხდელი დარჩა.
კომპანიის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს კომპანიის გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით გასული წლის თებერვალში მიმართა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, "აიჯი დისტრიბიუშენს" არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.
„გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს "აიჯი დისტრიბიუშენს" უფიქსირდება დებიტორული მოთხოვნა 329 დებიტორის მიმართ 79208,21 ლარის ოდენობით. მოვალე საწარმოს დირექტორის მიერ 2016 წლის 7 აპრილს წარმოდგენილი წერილის თანახმად კი, ვინაიდან კომპანია წლების განმავლობაში არ საქმიანობს, ვერ მოხერხდა აღნიშნულ დებიტორთა საკონტაქტო და საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამისი ხელშეკრულებების მოძიება“,- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში.
შპს „აიჯი დისტრიბიუშენის” საკუთრებაში გააჩნდა 4 ავტომანქანა, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა. ამოღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 14920 ლარი. ამ თანხიდან 5 ათასი ლარი აღსრულების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე გადაირიცხა, 9 ათასი ლარი კი შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.
ბიზნესკატალოგში მითითებული ინფორმაციით, კომპანია ქიმიკატებით, სასუქებით,მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭროდა.

























