ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსეთის მიმართულებით ამერიკული ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. განცხადების თანახმად, რუსეთში ექსპორტთან ერთად რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილების ტრანზიტიც აიკრძალა.
“2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში,”- ნათქვამია განცხადებაში.
BMG-იმ ამ საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განმარტეს, რომ რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილები საქართველოს ტერიტორიას სატრანზიტოდ ვეღარ გამოიყენებენ.
სრულად შემოსავლების სამსახურის განცხადება:
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ, შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირებისა და საქონლის ჩამონათვალი, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/…
ამასთან, აღნიშნულ კონსოლიდირებულ დანართში, მე-11 პაკეტის სახით, შევიდა ცვლილება COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214 of 23 June 2023, გთხოვთ, იხილოთ ბმული:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32023R1214
რომლის თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214).
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.
იხილეთ შესაბამისი ბმული: https://www.ecfr.gov/…/chapter-VII/subchapter-C/part-746
აღსანიშნავია, ის გარემოება რომ აშშ-ის მიერ ავტომობილებთან მიმართებით, დაწესებულ სანქციებში არ ყოფილა მითითებული კონკრეტული ვადები (განსხვავებით ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ნაყიდი იყო დილერების მიერ, აღნიშნული სანქციების გამოქვეყნებამდე. შესაბამისად, სანქციების ფარგლებში, არ ყოფილა განსაზღვრული მსგავსი ავტომობილების სტატუსი (ვადად მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტო განისაზღვრა დამატებითი კონსულტაციების შედეგად).
როგორც ცნობილია, აშშ-ის მიერ, სანქციების დაწესებისას, არ ხორციელდება წინასწარი კონსულტაციები სხვა ქვეყნებთან და შესაბამისად, წინასწარ არ არის ცნობილი არც კონკრეტული საქონლის კოდი, რომელიც ხვდება სანქციების სიაში და არც მისი ამოქმედების ვადები. შესაბამისად, მოსალოდნელი სანქციების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ვერ იქნება გაზიარებული ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებზეც შესაძლებელია გარკვეული გავლენა ჰქონდეს აღნიშნულ სანქციებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით განვმარტავთ, რომ შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აქვს მუდმივი კონსულტაციები აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან/პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციებთან მიმართებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება/გაცემა ხდება მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ის უკვე დადასტურებულია ოფიციალური წყაროებიდან და გასათვალისწინებელია ბიზნესოპერატორებისთვის", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 53 მილიონი დოლარის ღირებულების 3,786 ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს წინა წელთან შედარებით 274%-ით მეტი იყო. ამ მაჩვენებლით, რუსეთი მთლიან ექსპორტში მეხუთე ადგილს იკავებდა.
2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ასე ნაწილდება:
1) ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840, ერთის საშუალო ფასი $40.4 ათასი, ზრდის ტემპი 1673%
2) ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916, ერთის საშუალო ფასი $17 ათასი, ზრდის ტემპი 694%
3) აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206, ერთის საშუალო ფასი $16 ათასი, ზრდის ტემპი 75%
4) სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235, ერთის საშუალო ფასი $18 ათასი, ზრდის ტემპი 1159%
5) რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, ზრდის ტემპი 274%
6) ტაჯიკეთი - $16 მლნ, მანქანების რაოდენობა 1,435, ერთის საშუალო ფასი $11 ათასი, ზრდის ტემპი 307%
7) ბელგია - $11 მლნ, მანქანების რაოდენობა 232, ერთის საშუალო ფასი $48 ათასი, კლება წინა წელთან -24%
8) უკრაინა - $7 მლნ, მანქანების რაოდენობა 519, ერთის საშუალო ფასი $14 ათასი, კლება წინა წელთან -78%
9) არაბთა გაერთიანებული საამიროები - $6 მლნ, მანქანების რაოდენობა 86, ერთის საშუალო ფასი $75 ათასი, ზრდის ტემპი 6%
10) თურქეთი - $4 მლნ, მანქანების რაოდენობა 219, ერთის საშუალო ფასი $20 ათასი, ზრდის ტემპი 234%