მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აინტერესებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული აქციების ორგანიზებაში და ძალადობასთან კავშირი თუ ჰქონდა - ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე გამოიკითხა. როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა დოლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პროკურატურას აინტერესებდა იყო თუ არა აქციების ორგანიზებაში "სამართლიანი არჩევნები" ჩართული.

"კითხვები ძირითადად შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, როგორც გაზაფხულზე, ისე გასულ წელს ნოემბერ-დეკემბერში. აინტერესებდათ იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და ჰქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ა.შ.

ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა ის იყო, რაც არის სიმართლე. "სამართლიანი არჩევნები" დაარსებიდან იცავს ქვეყანაში დემოკრატიას, იცავს ადამიანის უფლებებს, ის რასაც ჩვენ ვახორციელებდით ამ აქციების დროს, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება და ა.შ. აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში. ეს ქმედებები იყო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ვაკეთებდით საქართველოს ევროპული დემოკრატიული მომავლის დასაცავად.

ჩემი შეფასება ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იგივე რჩება. მივიჩნევ, რომ ეს დაყადაღება, რა თქმა უნდა, არის ზეწოლა და დევნა სამოქალაქო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ", - აცხადებს დოლიძე.

27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:

  • „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
  • „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
  • „დემოკრატიის მცველების“ ,
  • „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
  • „საფარის“
  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელიც ნინო დოლიძის ადვოკატია, ჟურნალისტებთან თქვა, რომ პროკურატურას აინტერესებდა ორგანიზაცია აქციების ორგანიზებაში რა ფორმით იყო ჩართული.

"გამოძიებას რა კითხვებიც ჰქონდა, ყველა კითხვაზე ამომწურავად გასცა პასუხი. ეს კითხვები ძირითადად შეეხებოდა ზოგადად ორგანიზაციის საქმიანობას, მათ შორის იმას აკვირდებოდნენ თუ არა აქციებს. ეს იყო ზოგადი კითხვები და რა შეიძლება ამას მოჰყვეს ნამდვილად ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რაც პროკურატურას სჭირდებოდა, რა კითხვებიც მათ ჰქონდათ, ამომწურავად პასუხგაცემულია ნინო დოლიძის მხრიდან", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დააყადაღეს შვიდი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები. პროკურატურის შუამდგომლობა ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.

მათ 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების დაფინანსებას ედავებიან საბოტაჟის საქმის ფარგლებში. ამავე საქმის ფარგლებში მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის „ნანუკას ფონდი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები