მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Airbnb-ზე ბინის დაქირავება თბილისში საშუალოდ $28 ღირს - wehost.ge

615c8407be41c
მარიამ ადამია
05.10.21 23:20
951
“Airbnb-ზე ბინის დაქირავება თბილისში შემოდგომის პერიოდში დღიურად 28 დოლარი ღირს “- ამის შესახებ wehost.ge-ის დამფუძნებელმა, ნიკა ანჯაფარიძემ, გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში ბინის დღიური გაქირავების ფასი 37 დოლარი იყო, პანდემიამდე ანალოგიურ პერიოდში კი, ეს თანხა 32 დოლარს უტოლდებოდა.

“ზაფხულის სეზონი, მოსალოდნელზე კარგი იყო, რადგან გვყავდა ტურისტები. რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, აშშ-დან გააქტიურდნენ ტურისტები ბოლო პერიოდში და მომატებულია მოთხოვნა ადგილობრივების მხრიდანაც, რაც შიდა ტურიზმის გააქტიურებით არის განპირობებული. სტატისტიკაში ქართველებს მე-5 ადგილი უჭირავთ. თუმცა ნელ-ნელა სტატისტიკა მცირდება, ტურისტების რაოდენობა იკლებს, რადგან ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი ისედაც ჩავარდნილი სეზონია, ხოლო მეოთხე ტალღა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა ბინის გაქირავების მაჩვენებლებზე", - აღნიშნა ნიკა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, კომპანია wehost.ge ამ დროისთვის 80 ათასი დოლარის ზარალს ითვლის და განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში ბიზნესის დღიური გაქირავებიდან თვიურ გაქირავებაზე გადასვლამ გადაარჩინა, თუმცა დღეს ეს ტენდენცია ისევ შეცვლილია.

“ჩვენი კომპანია დაუბრუნდა ისევ ძველ სისტემას და დღიურად გაქირავება დავიწყეთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ძალიან ბევრი ბინაა, მეპატრონეების ნაწილი გრძელვადიან გაქირავებაზე დარჩნენ და მათ აქვთ მოთხოვნა,” -აღნიშნა wehost.ge-ის დამფუძნებელმა.

რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს, ნიკა ანჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე ახალი წლის პერიოდისთვის იჯავშნება გუდაური და ბაკურიანი, ხოლო თბილისსა და ბათუმში კლებადი სტატისტიკაა.

ინფორმაციისთვის, თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში, აპლიკაციაში განთავსებული 7 371 აქტიური განცხადებიდან, 47% ერთი დღით მაინც დაიჯავშნა. ბაზრის აღდგენის პარალელურად, გაიზარდა Airbnb-ის შემოსავლებიც. რაც შეეხება ფასებს, საცხოვრებელი სახლების გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით მაინც 2.7%-ითაა შემცირებული, ხოლო პრეპანდემიურ ნიშნულთან შედარებით – 14.1%-ით. სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტენდენცია ბინების გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები