კომპანია Airbus-მა 24 საათზე მეტი ხანგრძლივობის მარათონული სატესტო ფრენა დაასრულა - A350 ტიპის ლაინერი, რომელიც რეკორდული კომერციული რეისებისთვის იქმნება, სამშაბათს მელბურნიდან აფრენის შემდეგ საფრანგეთში დაეშვა.
ეს ტესტირება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ავიაკომპანია Qantas-ის პროექტისთვის Project Sunrise (მზის ამოსვლა), რომელიც მიზნად მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კომერციული სამგზავრო რეისების გაშვებას და შორ მანძილზე მგზავრობის სრულ ტრანსფორმაციას ისახავს, ავსტრალიასა და ევროპას შორის შუალედური გაჩერებების (ტრანზიტების) გაუქმების გზით.
სპეციალურად მოდიფიცირებული ლაინერი A350-1000ULR ავსტრალიური გადამყვანის უწყვეტ რეისებს სიდნეი-ლონდონის მიმართულებით 2027 წლიდან შეასრულებს. Airbus-ი ივნისის თვიდან მოყოლებული საჰაერო ხომალდის ორთვიან სატესტო კამპანიას ახორციელებს.
Airbus-ის ინფორმაციით, საჰაერო ხომალდი, რომელიც აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი დამატებითი საწვავის ავზით, ჰაერში 24 საათსა და 24 წუთს იმყოფებოდა. მან 23 075 კილომეტრი უწყვეტად დაფარა და საფრანგეთში, ტულუზაში მდებარე ავიაქარხანაში დაეშვა.
ფრენების მონიტორინგის პლატფორმა Flightradar24-ის ცნობით, ეს რეისი მათ არხებზე ისტორიაში მეორე ყველაზე პოპულარული (ყველაზე ხშირად ძებნადი) ფრენა გახდა - ის მხოლოდ 2024 წლის რეისს ჩამორჩება, რომლითაც დედოფალ ელისაბედ II-ის კუბო გადაასვენეს. ამ უკანასკნელი ლაინერის მოძრაობას კანადის გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით 3.6 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.
შედარებისთვის, 2005 წელს Boeing 777-200LR Worldliner-მა ჰონგ-კონგიდან ლონდონამდე 21 601.7 კილომეტრი 22 საათსა და 42 წუთში დაფარა.
Qantas-მა უკვე 12 მოდიფიცირებული A350-1000ULR ტიპის თვითმფრინავი შეუკვეთა, რომლებმაც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო ლონდონთან და ნიუ-იორკთან დაახლოებით 20-საათიანი ფრენით უნდა დააკავშირონ.
სერვისის მიზანია, ლონდონის მიმართულებით არსებული ე.წ. "კენგურუს მარშრუტი", რომელიც ადრე ხუთდღიან მოგზაურობას მოითხოვდა, ერთ უწყვეტ რეისად აქციოს, რომლის ხანგრძლივობაც, მარშრუტისა და ქარის გათვალისწინებით, 19-დან 21 საათამდე იქნება.
პირველი თვითმფრინავის მიწოდება, რომელიც 20 000 ლიტრ საწვავს იტევს და 238 მგზავრზეა გათვლილი, 2027 წლის აპრილში იგეგმება. Qantas-ი ვარაუდობს, რომ სიდნეისა და ლონდონს შორის ყოველდღიურ უწყვეტ ფრენებს 2027 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.




























