ავიაინდუსტრიის გიგანტმა Airbus-მა 6,000-მდე თვითმფრინავის გამოხმობა გადაწყვიტა. კომპანიის განცხადებით, დაუყოვნებლივი ტექნიკური განახლება ესაჭიროება A320-სერიის ყველა თვითმფრინავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
შეტყობინება 350-მდე ავიაოპერატორთან გაგზავნილია, რაც ამ შემთხვევას Airbus-ის 55-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ გამოხმობად აქცევს.
როგორც ცნობილია, განახლება პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდება, რომელიც A320-ის ბორტკომპიუტერში უნდა აიტვირთოს. მართალია, Airbus-ში ამჟამად კრიტიკულ რისკს ვერ ხედავენ, თუმცა კომპანია მოითხოვს, რომ განახლების ატვირთვამდე არცერთი A320 არ გაფრინდეს.
ცხადია, A320-სერიის გაჩერება მსოფლიოს მასშტაბით ფრენების შეფერხებას, გადამისამართებას და რეისების გადადებას გამოიწვევს, რადგან Airbus-ის თვითმფრინავებს თითქმის ყველა წამყვანი ავიაკომპანია იყენებს.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ, Airbus-ის აქციების შეფასება 3%-ით დაეცა და არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ავიაკომპანიებმა ევროპული მწარმოებლის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანონ.




























