მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აისახება თუ არა საწვავის გაიაფება საცალო ქსელში დაგვიანებით - ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტება

კალონკა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც იმპორტირებული საწვავის თვითღირებულების შემცირება საცალო ქსელებში შედარებით გვიან აისახება.

საქმე ისაა, რომ კონკურენციისა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ივლისი-სექტემბრის პერიოდში, მსხვილი კომპანიების მიერ იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება შემცირდა, საცალო ფასები კი 23 სექტემბრიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში შემცირდა, რაც სააგენტოს შეფასებით დაგვიანებული ასახვაა.

როგორც კავშირის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, რიგ შემთხვევაში ამისი მიზეზი კომპანიების მარაგები ანდაც ბაზარზე სწრაფად ცვალებადი ვითარებაა, მათ შორის იმპორტირებული საწვავის ტრანსპორტირების გაჭიანურება.

„შესაძლოა, ხდება დაგვიანების პროცესი, ეს კომპანიების შიდა მენეჯმენტზე დამოკიდებული და ხშირად მათ ამის არგუმენტები აქვთ. ამის განმაპირობებელი ბევრი ფაქტორია, ზოგჯერ მარაგები. ადგილობრივ ბაზარზე არცერთი მსხვილი კომპანია არაა ისეთი, რომელსაც თავისი სანავთობო ბაზა არ ჰქონდეს. ანუ ყველას აქვს მარაგები, ზოგს საწვავი შედარებით იაფად აქვს შეძენილი, ზოგს გაძვირების პროცესში მოუწია შეძენა, რადგან მას დაზღვევის მიზნით თავისი მარაგები უნდა ჰქონდეს.

საქართველოში საწვავი საზღვაო და სახმელეთო გზითაც შემოდის და ზოგჯერ ტრანსპორტირება ფერხდება. დროის დაკარგვა ყველაფერზე მოქმედებს, თუ გვიანდება პროდუქტი, შესაბამისად სხვა ქმედებებიც გვიანდება, აქ ყველაფერი გადაბმულია. მათ შორის, ლარი და დოლარის ურთიერთობა. როდესაც გვგონია, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს, არის შემთხვევა, რომ ლარი უფასურდება, ესეც გასათვალისწინებელია, რადგან კომპანიამ პროდუქცია ხვალ და ზეგ უნდა იყიდოს“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები