სტომატოლოგთა აკადემია IDEA ფართოვდება და ბიზნეს კონცეფციას ცვლის. ის ახალ სივრცეში გადაინაცვლებს, სადაც სასწავლო ცენტრი და სტომატოლოგიური კლინიკა გაერთიანდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ IDEA-ს დამფუძნებელმა, ვიქტორია სურგულაძემ ისაუბრა.
„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, გადავდივართ ახალ სივრცეში, სადაც სასწავლო ცენტრი და სტომატოლოგიური კლინიკა IDEA-ს სახელწოდებით გაერთიანდება, ეს მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ბევრი პრაქტიკული მასტერკლასი დავგეგმოთ, განვახორციელოთ და უკვე პაციენტებსაც მოვემსახუროთ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში - გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში წამყვან სასწავლო ცენტრებში პროფესიული კურსები ექიმებისთვის. მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ყველა ექიმს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ყველაზე თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებულ მკურნალობის პროტოკოლებთან და ფლობდნენ მუდმივად განახლებულ ინფორმაციას თავიანთ პროფესიასა და საქმიანობაზე.“ - აღნიშნა ვიქტორია სურგულაძემ.
სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია და დაახლოებით 2 თვეში ის აქტიურად დაიწყებს საქმიანობას.
„პარტნიორი ბანკების დახმარებით, საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება უშუალოდ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნისთვის. აქ წარმოდგენილი იქნება უახლესი, თანამედროვე დანადგარები. კლინიკა დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური სტომატოლოგებით და უშუალოდ გახსნისას დაახლოებით 10 ადამიანი დასაქმდება.“ - განაცხადა ვიქტორია სურგულაძემ.
ცნობისთვის, ამ დრომდე მულტიპროფილურ სასწავლო ცენტრ IDEA-ში ქართველ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ უწყვეტი პროფესიული განათლება მიეღოთ. სტომატოლოგები აქ პოსტდიპლომურ განათლებას იღებენ. მრავალფეროვანი კურსები, ტრენინგები, კონფერენციები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც IDEA მსურველებს სთავაზობს.
„აკადემია IDEA-ს გუნდში 14 ადამიანია გაერთიანებული. კურსის ხანგრძლივობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია მის შინაარსზე. თითოეული კურსი ინდივიდუალურად იწყობა, ძირითადად 4-დღიანი კურსები გვაქვს და ვცდილობთ ყველა სტომატოლოგისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ მათ აქვთ შესაძლებლობა თანხის გადანაწილებითაც ისარგებლონ", - აღნიშნა IDEA-ს დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, აკადემია IDEA ხუთი წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და პროექტი უკვე 3000-მდე სტომატოლოგს აერთიანებს.