მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკადემიური სფეროს ნაწილი „ოცნების“ განათლების რეფორმას ეწინააღმდეგება – განცხადება

მანანა რატიანი

აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას აპროტესტებს. აღნიშნულის შესახებ მათ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ლექტორ-მასწავლებელთა თქმით, განათლების ეროვნულ კონცეფციას აკადემიური საზოგადოების თანამონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ ამუშავებენ, რაც მათივე შეფასებით, აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპებს არღვევს.

„უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა მიიღებოდეს უნივერსიტეტების გარეშე, რადგან საუნივერსიტეტო რეფორმა პოლიტიკის რიგითი საკითხი არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მოქმედ უმაღლესი განათლების კანონთან, ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას, ხოლო ბოლონიის პროცესისა და უნივერსიტეტების დიდი ქარტიის პრინციპებთან შეუსაბამობა ქართული აკადემიური სივრცის საერთაშორისო ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დოკუმენტი არ ეყრდნობა მტკიცებულებებსა და კვლევებს, არ განიხილავს შედეგებსა და დაფინანსების წყაროებს, შემუშავებულია დახურულ რეჟიმში, საზოგადოების, პროფესორების და სტუდენტების ჩართულობის გარეშე.

„პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი დისკუსიის შესაძლებლობას და უნივერსიტეტის განვითარების ნაცვლად, აკადემიური სივრცის შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცევა“, – ნათქვამია ტექსტში.

ლექტორ-მასწავლებლები აკადემიურ საზოგადოებას მოუწოდებენ ერთობლივად იმოქმედონ, რათა დისკუსია ღია და საჯარო გახდეს.

„უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე, უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს აქციაზე ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა რატიანმა წაიკითხა.

დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი საპროტესტო აქცია

  • 18:00 საათზე – სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან, სადაც ისინი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს გააპროტესტებენ;
  • 20:00 საათზე – განათლების სფეროს წარმომადგენელთა აქცია პირველი გიმნაზიის ეზოში.

"ქართული ოცნების" მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი". რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები