ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს.
„მსურს, გამოვეხმაურო ზოგიერთ შეკითხვას, რომელს ხშირად მისვამენ ლარის კურსთან დაკავშირებით.
1. რა ხდება თუქეთსა და რუსეთში და რატომ უფასურდება ლარი ჩვენთან? აშშ-ის სანქციებმა დააფრთხო ინვესტორები თურქეთსა და რუსეთში და დაიწყეს ლირისა და რუბლის მოშორება; ლირისა და რუბლის გაუფასურებამ შეაშინა ეკონომიკური აგენტები საქართველოში და დაიწყეს ლარის მოშორება. ფსიქოლოგიური ფაქტორია.
2. 2016 წლიდან აშშ-მ დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ამ ფაქტორს არ მოუხდენია დიდი გავლენა ლარის კურსზე, რატომ ახდენს თურქული ლირის და რუბლის მკვეთრი გაუფასურება ადამიანების ფსიქოლოგიაზე ასე საქართველოში?
ადამიანებში მოლოდინების ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის წარსულში მომხდარი მოვლენები და ამ გზით შეძენილი გამოცდილება. თავად ის ფაქტი, რომ დოლარი მყარდება ევროს, იენის თუ ფუნტი სტერლინგის მიმართ, წარსული არაფერს კარნახობდა ადამიანებს საქართველოში იმის შესახებ, რომ ევროს, იენის თუ იუანის გაუფასურება ნიშნავდა ლარის გაუფასურებას. თუმცა, როდესაც უახლოეს წარსულში, ცნობილი მიზეზების გამო, მეზობელ ქვეყნებში ვალუტების გაუფასურებას მოჰყვა ლარის დრამატული ვარდნა, ქვეყნის საზოგადოების დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა განცდა, რომ ლირისა და რუბლის გაუფასურება ნიშნავს ლარის გაუფასურებას. სწორედ ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი.
3. უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი, როდესაც თურქული ლირა და რუსული რუბლი უფასურდება? თუ ქვეყანაში შემცირდება ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი და ა.შ. რაც დოლარის შემოდინებას შეამცირებს, მაშინ - კი. ხოლო თუ ფსიქოლოგიურ ფაქტორს გამოვრიცხავთ, მაშინ კურსმა ვარდნა უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დოლარის დეფიციტი გაჩნდება ზემოაღნიშნული მიზეზებით.
4. ნიშნავს თუ არა ლირის და რუბლის გაუფასურება იმას, რომ ქვეყანაში პროცესები ამ გზით უნდა განვითარდეს? რა თქმა უნდა, არა. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს. მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე, სხვა პროცესი წავიდეს. ნაკლები ვალუტა გავიდეს და ლარი გამყარდეს (მაგ., თურქული საქონელი გაიაფდეს იმ დაშვებით, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორი 0-ია). აქ უამრავი სხვადასხვა სცენარის განხილვა შეიძლება.
5. ფსიქოლოგიური ფაქტორი რომ ასეთ დიდ როლს თამაშობს თურქული ლირის ბრალია? რა თქმა უნდა, არა, შექმნილი სტერეოტიპის და ცრუ წარმოდგენის. რამ შექმნა ცრუ წარმოდგენა? წარსულმა მოვლენებმა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ლარის, მთავრობისა (ცნობილი ოდიოზური განცხადებები დღემდე) და სებ-ის, როგორც ინსტიტუტების მიმართ ტოტალური უნდობლობა. იზრდება გაურკვევლობა, არაინფორმატიულობა, ქაოსი, ჭორები, უიმედობა. აქ კი ხელისუფლება თამაშობს მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით, სებ-ი, რომელიც დუმს, თითქოს ვერ ხვდება პრობლემას, მაგრამ ფაქტია, ვერ აკეთებს სწორ პროგნოზს. მთავრობაზე აღარაფერს ვამბობ, რომლებიც საერთოდ ასტრალში არიან. ასე, რომ ახლა რომ ლარი უფასურდება, არის არა ლირის, არამედ ხელისუფლების ბრალი.
6. რა ზღვრამდე შეიძლება ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა გააუფასუროს ლარი? დამოკიდებულია ჰიპოთეტურ ფსიქოლოგიურ ზღვარზე, რომელზეც ადამიანები შეთანხმდებიან, რომ ამაზე მეტად აღარ გაუფასურდება და რომ დადგა ის მომენტი, რომ ლარი კი არ უნდა მოვიშოროთ, არამედ დოლარი გავყიდოთ. ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო გაუფასურებულ მდგომარეობას ვუწოდოთ "overshoot"-ი.
5. ჰიპოთეტური ზღვრის მერე თუ უკუპროცესი დაიწყო, ლარი ხომ უნდა გამყარდეს და ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს? რა თქმა უნდა, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ამასობაში, ბევრი სხვადასხვა სტერეოტიპები და ცრუწარმოდგენები დაინერგა ჩვენს ცნობიერებაში. მაგალითად, ლარი უნდა გაუფასურდეს არჩევნების მერე, სექტემბერში, ნოემბერში, იანვარში, თებერვალში. ლარი ზოგადად შეიძლება გამყარდეს მხოლოდ ტურისტულ სეზონზე და სხვ. ამიტომ ჩამოყალიბდა შემდეგი მოცემულობა, რომ overshoot-ის ამპლიტუდა მაღალია და მოქმედების პერიოდი ხანგრძლივი.
6. უნდა გამოიწვიოს თუ არა ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდა? სინამდვილეში, ესეც სტერეოტიპია, რომელიც ჩამოყალიბდა წარსულ მოვლენებზე დაკვირვებით. ჩვენთან ხომ ყველაფერი იმპორტირებულია და თუ ლარი გაუფასურდა, ხომ გაძვირდება? თუ ვალუტები უფასურდება სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებშიც, მაშინ იმპორტირებული საქონელი არ ძვირდება. ასე, რომ არ ნიშნავს, რომ ფასები გაიზრდება. თუმცა, სტერეოტიპი ქმნის ახალ ფსიქოლოგიურ ფაქტორს და ეს არის ინფლაციის (ფასების ზრდის) მოლოდინი. მოლოდინი უბიძგებს ადამიანებს შესაბამისი ქმედებისკენ ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება overshoot-ის დროს. ანუ ზრდიან ფასებს არა იმიტომ, რომ უნდა გაიზარდოს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მოლოდინი აქვთ და ამ დროს ინფლაცია გარდაუვალია, რომ არა ერთი შემაკავებელი ფაქტორი, მყიდველის გადახდისუნარიანობა.
ამდენად, კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ლარის გაუფასურება ინფლაციას, პასუხი დამოკიდებულია მყიდველის გადახდისუნარზე, რა უფრო მეტად გადაწონის.
სებ-ი კი დუმს და თუ შემთხვევით რაიმე წამოსცდება, ისეთ ენაზე საუბრობს, რომ მხოლოდ იმათ ესმით, ვინც ისედაც ხვდება, რა ხდება. მთავრობა ძველებურად ასტრალშია.
ეს მოცემულობა უფრო მეტ რისკებს ქმნის, ვიდრე დოლარიზაციის სავალუტო რეჟიმი შექმნიდა“, - წერს ეკონომისტი აკაკი ცომაია.

























