ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, „ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაა“.
ამის შესახებ ცომაიამ bm.ge-ის ლარის კურსის გაუფასურების მიზეზების კომენტირებისას განუცხადა.
ცომაია ასევე ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის პოლიტიკისა, ლარის - ისევე როგორც ეროვნული ბანკის მიმართ, მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია.
ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებს შორის ეკონომისტი არჩევნებს და რეგულაციების გავლენას ასახელებს.
„ლარს მხოლოდ იმიტომ ვიყენებთ, რომ იძულებულები ვართ ლარში ვიყიდოთ საქონელი და მომსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანი როგორც კი მოიხელთებს მდგომარეობას, იშორებს ლარს და შედარებით მყარ ვალუტას ირჩევს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც საზოგადოების ნდობა ლარის მიმართ და იმ ინსტიტუტის მიმართ, ვინც უშვებს ლარს, არის ძალიან დაბალი. ეს არის ზოგადი პრობლემა. მოცემულ მომენტში კი, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი:
პირველი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც მცირდება; ეს ფაქტორია იმიტომ, რომ დოლარის მიწოდება მცირდება და ამის გამო უფასურდება.
მეორე ფაქტორია ის, რომ არჩევნების წინა პერიოდში იხარჯება დიდი ოდენობით ფული.
მესამე ფაქტორი კი, უკავშირდება იმას, რომ ჩვენი შემოსავალი არ არის იმდენად მაღალი, რომ ეყოს იმპორტის დაფინასებას, რადგან უცხოურ ვალუტაში როგორც ინვესტიციების, ასევე სესხების რაოდენობა მცირდება, სესხების რაოდენობა მცირდება რეგულაციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ ვეღარ შევისყიდით ჩვენი შემოსავლით ამ იმპორტს, ამდენად იმპორტი უნდა შემცირდეს ანუ ლარის გაუფასურება ნიშანია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის, რომ იმპორტი კიდევ უფრო მეტად უნდა შემცირდეს.
ბუნებრივია, ეს უკავშირდება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკურ მოვლენებს და მდგომარეობას; როდესაც უფსურდება თურქული ლირა, მოლოდინების ფაქტორია რომ ლარიც გაუფასურდება და ინვესტორები იშორებენ ლარს“, - აცხადებს ცომაია.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ეკონომისტს მიაჩნია, რომ თუ FDI შემცირებას განაგრძობს, ლარზე კარგი პროგნოზის გაკეთება რთულია.
მოკლევადიან პერიოდში აქტიური ტურისტული სეზონი მიდის და უცხოური ვალუტის შემოდინება უნდა გაიზარდოს, თუმცა თუ საერთო კონტექსტს ავიღებთ, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ინვესტიციებმა ასე განაგრძო შემცირება, კარგ პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ“, - უთხრა bm.ge-ის ცომაიამ.

























