ფინანსისტი აკაკი ცომაია მთავრობის ინიციატივას, რომელიც ვალების განულებას გულისხმობს სახიფათო პრეცენდენტს უწოდებს:
„მსურ ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო მთავრობის უპასუხისმგებლო მოქმედებაზე, რომელიც ეხება 600,000 ადამიანისთვის ვალის ჩამოწერის საკითხს.
ვუშვებ, რომ ეს მოხდება ქართუ ფონდის რესურსით და რომ ერთი თეთრიც არ დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (რისიც არ მჯერა) და მაინც გამოვხატავ ჩემს აღშფოთებას შემდეგი მიზეზების გამო:
1. შეიქმნა ძალზე სახიფათო პრეცენდენტი. ცუდი გადამხდელი დაჯილდოვდა, კარგი გადამხდელი დაიჩაგრა. რატომ უნდა ჰქონდეს დღეიდან კრედიტის გადახდის სურვილი კარგ გადამხდელს, როდესაც მთავრობა "კეთილი ბიძიას" დახმარებით შეუძლია ვალის ჩამოწერა არჩევნების წინ. საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ ამ ნაბიჯს დგამს მთავრობა, წარმოიდგინეთ რაზეა წამსვლელი საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც რეალური ხელილუფლება იცვლება. ეს არის პირდაპირი სიგნალი კარგი გადამხდელისთვის და საკმაოდ ძლიერი მოტივაცია, რომ კრედიტი არ გადაიხადოს, რადგან უკვე არსებობს პრეცენდენტი 600,000 ადამიანისთვის, რომ "კრედიტის არ გადახდა მოსულა" და ეს პრეცენდენტი არ ეხება მხოლოდ კარგ გადამხდელებს, ცუდ გადამხდელებს კიდევ უფრო მეტად ეხება. მას შემდეგ, რაც შავ სიაში აღარ იქნებიან, მათი უმრავლესობა კვლავ ვალის აღებას შეეცდება შემდეგში პატიების იმედით. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ასე არ მოხდება? გამოდის, რომ ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სასესხო კაპიტალის ბაზრის სწორ ფუნქციონირებას, ისეთს, როგორიც ჩამოყალიბდა დადებითი თუ მანკიერი მხარეებით, არამედ მთლიანობაში,ფინანსური სტაბილურობის საკითხს გრძელვადიან პერიოდში და აქ ვერ ვმალავ ჩემს გაოცებას, რატომ სდუმს ეროვნული ბანკი?
2. მნიშვნელობა არა აქვს, ვისია ეს ინიციატივა, ოცნების თუ ნაციონალების. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რაოდის დაიწყო და გააჟღერა ეს ამბავი. ცალსახაა, ღიაა და ნათლად ჩანს, რომ ეს მოქმედება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რადგან ეს მოვლენა ხდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, რომელიც შეიძლება, რომ მომხდარიყო ერთი კვირის მერეც, თუ რეალური მიზეზი არის 600,000 ადამიანისთვის მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობა და არა არჩევნები.
P.S. ქართუ ფონდს შეეძლო, რომ დახმარებოდა ამ 600,000 ადამიანს ისედაც, თუ მას ამ ადამიანების ბედი მართლაც აღელვებს. ქველმოქმედება კარგია და ამ ტიპის მოქმედება არ ქმნის საფრთხეს, რომელზეც ვსაუბრობ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სწორედ მთავრობა, ხელისუფლება ქმნის ძალზე ცუდ პრეცენდენტს. ხელისუფლების სახელით კეთდება ეს ყველაფერი და სწორედ ამიტომ ემუქრება საფრთხე ფინანსურ სტაბილურობას“, - წერს ცომაია საკუთარ სოციალურ ქსელში.