ეკონომიკისა და მდგრადი გნავითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო გლობალური გადამზიდავი კომპანიის "MSC"-ის (Mediterranean Shipping Company S.A.) საქართველოს წარმომადგენლობის დაფუნების 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაში.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ნავსადგურებში საკონტეინერო გადაზიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია 2018 წელს, რამაც 450 ათას TEU კონტეინერზე მეტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით ზრდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 36 პროცენტია.
"საქართველოს ბაზრით ისეთი კომპანიების დაინტერესება, როგორიცაა "MSC"-ი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ჩვენს სატრანსპორტო კორიდორს საკონტეინერო გადაზიდვებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესია, ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პორტები რეგიონალურ ჰაბად", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
თავის მხრივ, "MSC"-ის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელე ერკოლანომ აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოს ბაზარზე 23 წლის წინ შემოვიდა და დარწმუნებულია, საქართველო კავკასიის რეგიონიდან აზიამდე ტვირთების ტრანსპორტირების დიდ ჰაბად ჩამოყალიბდება.
"ჩვენ ახალი ინვესტიცია განვახორციელეთ და საქართველოში ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია "Medlog"-ი, რათა უზრუნველვყოთ როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სერვისები და ე.წ. "კარიდან კარამდე" მიწოდება. ამით, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს საყოველთაოდ ცნობილი აბრეშუმის გზის კვალდაკვალ. გვჯერა, საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას", - განაცხადა "MSC" - ის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელე ერკოლანომ.
კომპანია "MSC" - ი საქართველოსთან 1996 წლიდან თანამშრომლობს, თუმცა შვილობილი კომპანია საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტო "MSC Georgia" 2009 წელს დააფუძნა. "MSC Georgia" საღვაო საკონტეინერო გადაზიდვებს საქართველოში არსებული ორივე საზღვაო ნავსადგურიდან (ფოთი, ბათუმი) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს. MSC ჯგუფის კიდევ ერთმა კომპანიამ "მედლოგ ჯორჯიამ" ბათუმში მულტიმოდალური საზღვაო ტერმინალი გახსნა.

























