აკაკი საღირაშვილი: თბილისის ცენტრიდან რკინიგზის გადატანის საკითხი მალე უნდა გადაწყდეს
დავით ჯალაღონია
12.03.19 10:20
• 996
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, სამგზავრო ნაწილის გადატანაც მოხდება თუ არა, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
როგორც მინისტრის მოადგილემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამ საკითხზე მთავრობა შესაბამის მხარეებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.
"თავის დროზე სამწუხაროდ, ეს პროექტი ისე დაიწყო, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება არ გაკეთებულა. ხელოვნურად რკინიგზა აშენებდა უღელტეხილს და ამაში ხარჯავდა ფულს, საოპერაციო ხარჯებს 57%-ით აუარესებდა და გამტარუნარიანობას 25%-ით ზღუდავდა. მეორეს მხრივ, ქალაქის პოზიციაც გასათვალისწინებელია და სწორედ სარკინიგზო ოპერატორისა და ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით რა სინთეზიც შედგება, ამას მთავრობა მხარს დაუჭერს. ეს მალე უნდა გადაწყდეს, ამაზე არის შეხვედრები, მრავალი კვლევა ჩატარდა, რაც შეჩერდა ეს პროექტი. ყველანაირი ოფცია იქნა განხილული, მათ შორის გვირაბის მშენებლობა, ნაწილობრივ გადატანა და ა.შ", - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს რკინიგზამ" თბილისის ცენტრალური სადგურიდან რკინიგზის გადატანის რამდენიმე ვარიანტიდან ერთი პროექტი შეარჩია. ამის შესახებ BM.GE-ის „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა გასული წლის ბოლოს განუცხადა. მისი განმარტებით, "საქართველოს რკინიგზის" დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომერციულად გამართლებული და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის ყველაზე მისაღები, ცენტრალური ვაგზლიდან როგორც -სატვირთო გადაზიდვების, ისე სამგზავრო ნაწილის გადატანაა.
აღნიშნულ მოსაზრებას თბილისის მერიაში არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურა ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს.