მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკაკი ზოიძე: ანზორ მელიას ვურჩევდი ლიტერატურა წაიკითხოს

5cb9e93e94068
BM.GE
19.04.19 20:20
1719
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელს ანზორ მელიას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა სწორედ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდონიბით იქმნება და ბაზარზე კვალიფიციური ექთნების დეფიციტი ნამდვილად დგას.

„ანზორ მელიას ვურჩევდი, ამასთან დაკავშირებით თავის კოლეგებს მიმართოს, ლიტერატურა წაიკითხოს, რამდენი ექიმი და ექთანი უნდა იყოს ქვეყანაში და ექთნების ასოციაციას გაესაუბროს. ერთ ექიმზე სამი ექთანი უნდა მოდიოდეს და ეს მინიმალური შეფარდებაა, რაც ქვეყანაში უნდა იყოს. წაბრძანდეს ამერიკაში, ევროპაში და ნახოს ექთნის როლი რა არის კლინიკაში.

კვალიფიციური ექთნის მწვავე დეფიციტია. იმისათვის, რომ ექთანი კვალიფიური იყოს ამას შესაბამისი მოტივაცია, ანაზღაურება და შესაბამისი სამუშაო პირობები სჭირდება,“ - განაცხადა ზოიძემ.

რაც შეეხება კლინიკების მონახულების საკითხს კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ანზორ მელიამ მისი ბიოგრაფია უნდა წაიკითხოს.

„თუ არ იცის, რომ კლინიკებში დავდივარ და მათ ხელმძღვანელებს ვხვდები, ხოლო ამ სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს ვურჩევდი, ჩემი ბიოგრაფია წაიკითხოს და ასეთ განცხადებები შემდეგ გააკეთოს,“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, აკაკი ზოიძეს ანზორ მელიამ თხოვნით მიმართა და განმარტა, რომ ის მხოლოდ სტატისტიკას არ უნდა დაეყრდნოს.

„ზოიძეს ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს. მოიაროს ტრადიციული კლინიკები, გაესაუბროს დირექტორებს, ექიმებს და მიხვდება. მხოლოდ სტატისტიკით ის აზრს ვერ გამოიტანს,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსნებეთ, რამდენიმე დღის წინ აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ექთნების მწვავე დეფიციტი გვაქვს - ერთი ექთანიც კი არ მოდის ერთ ექიმზე, როცა ერთ ექიმზე 3 ექთანი უნდა მოდიოდეს.

როგორც ზოიძემ აღნიშნა, ექთნების მოთხოვნა როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები