აკაკი ზოიძე გასახვევ თამბაქოზე აქციზის გაზრდის შესახებ: ეს თამბაქოს ეპიდემიას შეაჩერებს
BM.GE
02.03.19 15:29
• 1527
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის აზრით, თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით მორიგი ნაბიჯი უნდა გადაიდგას.
როგორც აკაკი ზოიძემ BM.GE–სთან საუბრისას განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდის და შედეგად, ამ პროდუქტის გაძვირების გამო, გასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა, ამჯერად მთავრობამ ამ პრობლემას უნდა მიაქციოს ყურადღება.
"ჩემი აზრით, ეს ხვრელი უნდა ამოივსოს, რადგან რეალურად აქციზის მატების იდეა ის არის, რომ ადამიანმა ნაკლები მოწიოს და თუ ანაცვლებს თამბაქოს ერთ პროდუქტს მეორეთი, ეს მიზანი ვერ მიიღწევა. ფასი ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ ახალგაზრდები არ იწყებენ მოწევას, თუ თამბაქო ძვირია და ვინც ეწევა, ის ნაკლებს ეწევა, ან საერთოდ თავს ანებებს. ეს არის გზა, რომ თამბაქოს ეპიდემია შევაჩეროთ", – განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ ამ მიმართულებით რეგულაციებზე რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არ არის შესული, თუმცა იგი მთავრობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
1 კგ გასახვევი თამბაქო ამ ეტაპზე 35 ლარით იბეგრება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რის შედეგადაც კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%–ის ნაცვლად, 30 %–ის გადახდა უწევთ. ამასთან, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე 0.60–დან 1.70 ლარამდე გაიზარდა.