საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის ზრდა ფიქსირდება, თუმცა, ეს საგანგაშო მონაცემები არ არის.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 3 თვეში თამბაქოს კონტრაბანდის თითქმის იმდენივე შემთხვევა ფიქსირდება, რაც 2018 მთლიანი წლის განმავლობაში.
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე თამბაქოს კონტრაბანდის კონტროლისას განხორციელებული მონიტორინგის შედეგი აჩვენებს, რომ გასულ წელს სულ დაფიქსირებულია 441 შემთხვევა, მიმდინარე წლის არასრულ სამ თვეში კი - 425.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს არ არის ის მასშტაბი, როცა განგაში უნდა გამოვაცხადოთ.
“კონტრაბანდის ფაქტებმა მოიმატა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შემოსავლების სამსახური მომზადებული დახვდა და აკავებს ყველა შემთხვევას, როდესაც კონტრაბანდა შემოდის. მთავარია, რა რაოდენობით შემოდის კონტრაბანდა, მოხმარების რა პროცენტია? 5%-მდე კონტრაბანდა მეტ-ნაკლებად მისაღები მაჩვენებელია. კონტრაბანდა, რაც ამოღებულია, არ აღემატება საქართველოს მოხმარების ერთი დღის ნახევარს. სადღაც 1 მილიონ კოლოფს ეწევა ერთ დღეში საქართველო და 500 ათასამდე იყო ამოღებული გასულ წელს. წელს 200 ათასამდეა ამოღებული 3 თვეში. ეს არ არის ის მასშტაბი, როცა განგაში უნდა გამოვაცხადოთ. კარგია, რომ შემოსავლების სამსახური ხშირად აწვდის ინფორმაციას მედიას, რომ აღკვეთეს კონტრაბანდის შემოტანის ფაქტები, ამას პრევენციული ხასიათიც აქვს”, - აცხადებს ზოიძე.

























