მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აკაკი ზოიძე: ყველანაირი ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის მისაღები არ არის

5ca77dde810d7
დათო ჯალაღონია
05.04.19 20:10
1041
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მოქმედი საბანკო რეგულაციების მიზანშეწონილობაზე საუბობს.

როგორც მან პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობის მიზანი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა, რაც ამ მიზნის მიღწევის გზაზე ხალხის გაღარიბებას არ გულისხმობს.

„რაც შეიძლება სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდა, უდიდესი ამოცანაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ეკონომიკური ზრდა არის ჩვენთვის მისაღები. ეკონომიკური ზრდა ხალხის გაღარიბებისა და უთანასწორობის ზრდის ხარჯზე, არის მიუღებელი. ეს იყო ჩვენი პრობლემა მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჯინის კოეფიციენტით უთანასწორობა არ იცვლებოდა ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, გვქონდა მაღალი, თუ დაბალი ეკონომიკური ზრდა.

ჩვენ, პირველად ისტორიაში, ვდგამთ შეგნებულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ გვქონდეს მართლაც ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდა არ მოვახდინოთ ნებისმიერ ფასად, მათ შორის, ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ეს არის ამოცანა და ეს არის ძირითადი რეგულაციების ამოცანა, რაზეც დღეს ვმსჯელობთ. აქ შეიძლება ჩვენ ვიდაოთ კოეფიციენტებზე, ცალკეულ მიმართულებებზე, დეტალებზე, მაგრამ არ არის სადაო, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტება არის ის ამოცანა, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე იდგა მანამ, სანამ მივაღწევდით ფინანსურ კატასტროფას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის: მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა, რის მთავარ მიზეზადაც ბანკი შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას და ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენაა მიმართული. პროგნოზის 5%-მდე ზრდას ბანკი 2021 წელს ელოდება. 2019 წლისთვის ბანკის წინა პროგნოზი 5% იყო.

ამასთან, ბანკი აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები ერთის მხრივ, შეანელებს დაკრედიტებასა და კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნას, თუმცა გააძლიერებს საფინანსო სექტორს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები