მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალ კანონში პრინციპულ გამოწვევად რჩება დახურული დაწესებულების ხასიათი - ომბუდსმენი კანონთან მყოფი მოზარდების კანონზე

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტის მიერ 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, კანონში კვლავ რჩება სისტემური ხარვეზები.

სახალხო დამცველის აპარატი კანონპროექტის განხილვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საკომიტეტო მოსმენებისას საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინა. ომბუდსმენის განმარტებით, დოკუმენტის შეფასებისას მათ შეისწავლეს საერთაშორისო პრაქტიკა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დასკვნითი შენიშვნები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა მისი კომენტარების ნაწილი ასახა კანონში, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, რამდენიმე პრინციპული საკითხი კვლავ გადაუჭრელია:

  • დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი;
  • მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

„სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.

კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში.

მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.

საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშხელშეწყობის მიზნით“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები