მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალ RTGS სისტემაში საგადახდო პროვაიდერები ჩაერთვებიან და  სავალუტო ოპერაციებიც შესრულდება  - რა გეგმები აქვს სებ-ს?

ნატალია ჭყოიძე

ეროვნული ბანკი ახალი RTGS სისტემის დანერგვას გეგმავს. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლება ერთ-ერთია იმ მიმდინარე რეფორმებს შორის, რაზედაც ცენტრალური ბანკი მუშაობს.

როგორც „საქმის კურსთან“ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძე განაცხადა, სისტემის განახლება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს და არსებული გეგმით მისი გაშვება 2026 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. არსებული ვერსიისგან განსხვავებით, დაანონსებულია ახალ სისტემაში საგადახდო პროვაიდერების ჩართვაც, რომლებისთვისაც დღეს ეს სერვისი მიუწვდომელია.

„ბოლოს ამ სისტემის განახლება 2010 წელს მოხდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, 15 წელიწადი და ამ პერიოდში ტექნოლოგიურად ბევრი რამ განვითარდა, ამიტომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სისტემა ტექნოლოგიურად განვაახლოთ. ვგეგმავთ, რომ გარდა კომერციული ბანკებისა სისტემაზე წვდომა მივცეთ არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსაც დღეს სისტემის დიზაინი აგებულია კომერციულ ბანკებზე, შესაბამისად, მასში ჩართვა საკმაოდ გართულებულია პროცესია. ვგეგმავთ ახალ სისტემაში, სისტემასთან დაერთების უფრო მარტივი საშუალებები შევუქმნათ მცირე სუბიექტებს“, - ამბობს ნატალია ჭყოიძე.

მისი თქმით, საგადახდო პროვაიდერები ან უშუალოდ შეძლებენ სისტემაზე დაერთებას ან მათ გადარიცხვებს სხვა პირდაპირი მონაწილეების საშუალებით განახორციელებენ.

კიდევ ერთი პროექტი, რაზედაც სებ-ი პარალელურად მუშაობს მყისიერი გადახდებია.

„მყისიერი გადახდების სისტემა იმუშავებს 24/7 რეჟიმში, უწყვეტად უქმე დღეების განმავლობაშიც. გადარიცხვის დავალება კი შესრულდება რამდენიმე წამში. ანუ დავალების გადაცემიდან მისი მიმღების ანგარიშზე აღრიცხვა და უკან შეტყობინების მოსვლა რომ თანხა ჩარიცხულია მაქსიმუმ 10 წამის განმავლობაში შესრულდება. მყისიერი გადარიცხვის სისტემა მხოლოდ ლარის გადარიცხვებს დაამუშავებს. რაც შეეხება RTGS სისტემას აქ ვგეგმავთ, რომ ლოკალურ დონეზე უცხოური ვალუტის ოპერაციების დამუშავებაც იყოს შესაძლებელი. კერძოდ, ევროს და აშშ დოლარის. თუმცა ახლა კონცეფციის შემუშავების პროცესია და გამიჭირდება თქმა, რამდენად იქნება შესაძლებელი ყველა ტიპის გადარიცხვის შესრულება“, - აცხადებს ნატალია ჭყოიძე.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი RTGS სისტემა 2010 წლიდან ფუნქციონირებს. სისტემა ყოველთვიურად 30-60 მილიარდი ლარის ფარგლებში ოპერაციებს ემსახურება. 2024 წელს RTGS სისტემის გამოყენებით 558 მლრდ ლარის ოპერაციები განხორციელდა. 2025 წლის I კვარტალში 121.7 მლრდ-ის. დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების ანუ RTGS -ის სისტემით ხდება, როგორც ფიზიკური პირების, ასევე კომპანიებისა და კორპორაციების გადახდებს, საქონლისა და მომსახურების შეძენა, ასევე ხაზინაში გადასახადების გადახდა და სხვა სერვისები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები