3 თებერვალს ახალგაზრდა ძმებს თურქეთის სასამართლომ სასჯელის სახით 45 376 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე ფულის გათეთრებასა და თაღლითობას ეხებოდა “პონცის”, იგივე პირამიდული სქემით, რომელსაც ძმები და მათთან დაკავშირებული 18 პირი ონლაინ თამაშით ატარებდნენ.
თამაში, სახელწოდებით Ciftlik (თურქ: ფერმა) Bank მეჰმეთ ეიდინმა 2016 წელს გამოუშვა. აპლიკაცია ყველასათვის ცნობილ ფერმის სიმულაციურ თამაშ FarmVille-ს ჰგავდა და მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, ფერმის ცხოველები და მიწა თამაშშივე შეეძინათ. ეიდინი მაშინ ამტკიცებდა, რომ ფული, რომელსაც მოთამაშეები იხდიდნენ, თურქეთში ფერმების დაფინანსებას ხმარდებოდა და მომხმარებელს ინვესტიციის სანაცვლოდ ამონაგებსაც ჰპირდებოდა. რეალურად, ძველი მოთამაშეები ინვესტიციას უკან ახალი მოთამაშეების ფულით იბრუნებდნენ. სქემის გაშიფვრის შემდეგ, თურქეთის კაპიტალის ბაზრის საბჭომ კრიმინალური საქმე აღძრა.
აპლიკაცია თურქეთში იყო დარეგისტრირებული და გაუქმებამდე, 18 თვის განმავლობაში, 132 ათასი ადამიანისგან $131 მილიონზე მეტი მიითვისა. მეჰმეთ ეიდინი ძმასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად გაასამართლეს, დანარჩენი მონაწილე პირები დაუსწრებლად გაასამართლეს.
ძმები სასამართლომ დამნაშავედ ცნო 4414 დანაშაულში, მათ შორის IT თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში.
33 წლის მეჰმეთ აიდინი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას დაზარალებულებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად საკმარისი ფული აქვს, თუმცა მისი ანგარიშები გაყინულია. 2018 წელს, თამაშის გაუქმების შემდეგ, ძმებმა თურქეთი დატოვეს. მეჰმეთ ეიდინი თურქეთის საკონსულოს 2021 წელს თავად ჩაბარდა, როცა ბრაზილიაში იმყოფებოდა, მისი ძმა კი ურუგვაიში 2021 წლის ივლისში აიყვანეს. თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, ძმებს ჯარიმის სახით 500 მილიონამდე თურქული ლირა შეეფარდათ.




























