მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალგაზრდა ეკონომიკისთვის ბუნებრივ წერტილში ვართ" - რა აფერხებს კერძო კაპიტალის ფონდების განვითარებას?

დავით აბაშიძე

საინვესტიციო ბანკირი და ინვესტიციების ექსპერტი დავით აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის კერძო კაპიტალის ფონდების განვითარების არსებული დონე ბუნებრივია. მან ამის შესახებ "საქმიანი დილის" რუბრიკა "ბიზნესი 360°-ით" საინვესტიციო ფონდების განვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოსნაირი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის ეს განვითარების ბუნებრივი წერტილია.

საქართველოში საბანკო სექტორი განვითარების მიუხედავად, ინსტიტუციური საინვესტიციო ფონდების სფერო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ბოლო წლებში ამ ბაზარმა გარკვეული ზრდა განიცადა და 2024 წლის ბოლოსთვის ფონდების მენეჯმენტში არსებული აქტივების ჯამურმა მოცულობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა ამ ეტაპზე ინვესტიციების უმეტესობა სესხების ფორმით ხორციელდება, ხოლო კერძო კაპიტალის ბაზარი — კერძოდ, Private Equity მიმართულება — კვლავ შედარებით მცირე მოცულობისაა.

საინვესტიციო ბანკირი 2 ფაქტორს ასახელებს, რის გამოც საინვესტიციო ფონდების მიმართულების განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მისი შეფასებით, პირველი ფაქტორი - ეს ეკონომიკის განვითარების საწყის ფაზაში დაბალრისკიანი ინვესტიციების განვითარების შესაძლებლობაა, მეორე კი ის არის, რომ საინვესტიციო ფონდი მართვა კორპორაციულ საბანკო სფეროზე რთული სამართავია.

"ჩვენნაირი ახალგაზრდა ეკონომიკისთვის ეს წერტილი, სადაც ვიმყოფებით, ბუნებრივია. ანუ ზოგადად, ეკონომიკების განვითარება დასაწყისში, პირველი ყოველთვის საბანკო სექტორი ვითარდება, ეს ყოველთვის ასეა. ჩვენ 90-იანების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკის განვითარება თავიდან დავიწყეთ, ძალიან ბუნებრივია, რომ პირველ რიგში, ამ ფინანსური ინსტიტუტებიდან საბანკო სექტორი განვითარდა. ამის მიზეზი ის არის, რომ საბანკო კრედიტი, როგორც ინვესტიცია და საინვესტიციო ინსტრუმენტი შედარებით დაბალ რისკიანია. იმიტომ, რომ როდესაც ეკონომიკები საწყის ფაზაშია, ყოველთვის უფრო დაბალ რისკიანი ინვესტიციები ვითარდება, ვინაიდან თავად ეკონომიკა რისკიანია, შესაბამისად, მაღალ რისკიან გარემოში დაბალ რისკიანი ინსტრუმენტების განვითარება დაიწყება.

მეორე მიზეზი არის ის, რომ საინვესტიციო ფონდის მართვა არის გაცილებით უფრო რთული, როგორც საინვესტიციო ფინანსური ინსტიტუტის, ვიდრე საბანკო კრედიტის და კორპორაციული საბანკო სფეროს მართვა. იმიტომ, რომ უფრო მაღალი დონის რისკს იღებს, შესაბამისად, ეს რომ წარმატებულად გააკეთო, არის გაცილებით უფრო რთული. სტატისტიკას მოვიშველიებ, მსოფლიოში მთლიანი საინვესტიციო ფონდების მხოლოდ 30% აღწევს წარმატებას, ანუ მოაქვს ის ამონაგები, რომელიც ინვესტორს დააკმაყოფილებს. 70%-ს ვერ მოაქვს თავისი კაპიტალის ღირებულება. შესაბამისად, როდესაც ინვესტორები ამ ფონდის მენეჯერებს გადაუნაწილებენ თანხებს და ისინი მართავენ, დაახლოებით 10-12 წელიწადში უკვე ცხადი არის ხოლმე, რომ საკმარისი ამონაგები ამას ვერ მოაქვს და შემდეგ საინვესტიციო ფონდის შეკვრას უკვე ვეღარ აკეთებენ. ყველა ის ცნობილი ბრენდი, რაც ვიცით საინვესტიციო ფონდებისა, ესენი არის სწორედ იმ 30%-დან, რაც არიან მორჩენილი და თითოეულ წარმატებულზე მოდის ორი წარუმატებელი. უფრო დიდი ეკონომიკა რომ ვყოფილიყავით ეს ყველაფერი შეიძლებოდა უფრო ჩქარა განვითარებულიყო, რადგან დიდ ბაზარზე პოტენციური ამონაგები და სარგებელი, რომელიც შეიძლება ინვესტორმა მიიღოს დიდია", - ამბობს დავით აბაშიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები