განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის დაანონსებული საგრანტო პროგრამის ბიუჯეტის სამინისტროში არ განუსაზღვრავთ. ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ის განმარტავს, რომ ამ მიმართულებით შეეცდებიან ბიუჯეტის მაქსიმუმი დახარჯონ, რათა ახალგაზრდების იდეების განხორციელებას შეუწყონ ხელი. კითხვაზე - რა პრიორიტეტებით იმუშავებს ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გასულ წელს შეუერთდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტი 8 მლნ ლარამდეა.
„ვერ გეტყვით წინა სააგენტოში ამ მიმართულებით რა გეგმები იყო, მაგრამ წელს ჩვენთან ახალგაზრდობის სააგენტოს მთავარი პრიორიტეტები ის მიმართულებები იქნება, რომელიც მე დღეს წარვადგინე - სტუდენტური ფესტივალი, საგრანტო მიმართულება, რომლის ჯამური ბიუჯეტი არ განგვისაზღვრავს, რადგან აქაც მოქნილი სისტემა შევთავაზეთ ახალგაზრდებს. განაცხადების მიღების ფანჯარა 8 თვის განმავლობაში იქნება გახსნილი და ყველაზე კარგი განაცხადები გადაირჩევა. შესაბამისად, შევეცდებით ჩვენი ბიუჯეტის მაქსიმუმი დავხარჯოთ, ასე განსაზღვრული და ლიმიტირებული ჯამური ბიუჯეტი არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.
გიორგი ამილახვარმა სააგენტოს მართვის ქვეშ ახალგაზრდული ბანაკების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ამ კუთხით თემატური ბანაკების მოწყობაც განიხილება.
ცნობისთვის, დღეს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ორ კომპონენტიანი საგრანტო პროგრამაა. პირველი კომპონენტი რეგიონებში ახალგაზრდების იდეებისა და ინიციატივების 15 000 ლარით, ხოლო მეორე ახალგაზრდული ორგანიზაციების პროექტების 100 000 ლარით დაფინანსებას გულისხმობს.