განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, შაორის და ანაკლიის არსებული ბანაკების გარდა, ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად თემატური ბანაკებიც ამოქმედდება. ამის შესახებ მან ახალგაზრდობის პოლიტიკის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მნიშვნელოვანია ბანაკების მიმართულება, სადაც გავზარდეთ როგორც შინაარსი, ასევე შაორისა და ანაკლიის ბანაკების საბანაკე ინფრასტრუქტურაში, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით. ბანაკებთან ერთად გვაქვს კიდევ ორი დამატებითი მიმართულება - ჯარის ბანაკი, რომელიც დიდი აქტუალობით სარგებლობს სკოლის ბავშვებში. წელს ლოკაციებიც გაიზარდა და იქნება კოჯორში ახალქალაქსა და საჩხერეში. ასევე გვექნება თემატური ბანაკები“, - განაცხადა მინისტრმა.
BM.GE-ის კითხვაზე, კიდევ რომელ ლოკაციებზე იგეგმება ახალი ბანაკების მოწყობა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გაწერილი, თუმცა მანამდე ახალგაზრდებს თემატურ ბანაკებს შესთავაზებენ.
„გვაქვს შესაბამისი გეგმები, რომლებსაც ახალ პრემიერთან ერთად დავამუშავებთ და ეს შემდეგი წლის ბიუჯეტში იქნება ჩადებული. ჩვენ არ გავჩერდით და მხოლოდ შაორის და ანაკლიის ბანაკებით არ შემოვიფარგლეთ... შემოვიტანეთ თემატური ბანაკების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს თავისუფალი არჩევანის პირობებში სხვადასხვა რეგიონებს, ადგილებს... ეს შეიძლება იყოს არსებული სასტუმროს ლოკაცია, პიკნიკის გასვლითი ღონისძიებები, რაც ახალგაზრდების ინტერესებსა და იდეებზე იქნება დაფუძნებული, რომ მხოლოდ ანაკლიით და შაორით არ ვიყოთ შემოფარგლული“, - განაცხადა ამილახვარმა და დასძინა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებული პროგრამები „ემსახურება ერთ მიზანს, რომ დღეს საქართველოში ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ენიჭებათ ახალგაზრდებს, ამიტომ ამიერიდან სამინისტროსა და მთავრობისთვის ახალგაზრდების პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიმართულება იქნება“.