ახალგაზრდობის სააგენტო კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატება. გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ამილახვარმა განუცხადა, სავარაუდოდ, შემდეგი წლიდან ახალ უწყებას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ერქმევა. არც მთავრობის სხდომამდე და არც სხდომის შემდეგ, დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება არ გაუკეთებია. სხდომის დღის წესრიგში სულ 10 საკითხი იყო შეტანილი, რვაზე მომხსენებელი - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო. თემების უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას შეეხებოდა, მაგრამ სხდომის შემდეგ მინისტრი მედიასთან არ გამოჩენილა და არც მთავრობის პრესსამსახურს გაუვრცელებია პრესრელიზი.