მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი არჩევნები იქნება ერთადერთი განმუხტვა, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება - კახა შარაბიძე

შარაბიძე

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ბიზნესზე წნეხი მზარდია, ქვეყანას კი ძალიან ცუდი საინვესტიციო იმიჯი აქვს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტების პირველი დაპაუზება ჯერ კიდევ "რუსული კანონის" პროცესების დროს დაიწყო, თუმცა მაშინ იყო მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ ვითარება განიმუხტებოდა, რაც ასე არ მოხდა.

შარაბიძე მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

"სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არ ჩანს რეალური ვადა განმუხტვის. ჩემი აზრით, განმუხტვა იქნება რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებით, ეს იქნება ერთადერთი პოლიტიკური განმუხტვა, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.

დრამატიზების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან ცუდი იმიჯი აქვს ქვეყანას საინვესტიციო. თანამედროვე მომხმარებელი არ კითხულობს სტატიებს, კითხულობს ჰედლაინებს. რომ გადახედოთ, არ არსებობს ჰედლაინი საქართველოზე, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მოდიოდეს. ეს გადაეცემა ბიზნესს და არა მარტო ბიზნესს. წარმოიდგინეთ, ტურისტებიც კი აღარ შემოდიან ქვეყანაში საახალწლოდ. ინვესტორი უფრო დაკვირვებული, ფრთხილი და ცნობისმოყვარეა, ვიდრე ნებისმიერი ტურისტი. როდესაც ტურისტიც კი არ მოდის ქვეყანაში, წარმოიდგინეთ ინვესტორებს რა მადა აქვთ ქვეყანაში შემოსვლის კუთხით",- ამბობს კახა შარაბიძე.

რაც შეეხება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ბიზნესმენების ნაწილს შეხვდა, დაახლოებით 20-მდე ადამიანს და დაარწმუნა ისინი, რომ მთავრობა ამ კრიზისს დაძლევდა, შარაბიძის თქმით, თუ მთავრობას რეალურად აქვს მესიჯები ბიზნესის დასამშვიდებლად, სიამოვნებით მოისმენდა.

"თუ მთავრობას მესიჯი აქვს, რომ დაამშვიდოს 20 ბიზნესი, იქნებ ჰქონდეს მესიჯი, რომ დაამშვიდოს დანარჩენიც ხომ. ამიტომ, შეუძლებელია შენ გქონდეს მესიჯი რაღაც სექტორისთვის, რომ მშვიდად იყავით და ეს მესიჯები არ გქონდეს სხვა სექტორებისთვის, თუ ასეთი მესიჯები არსებობს მთავრობიდან, რომ დაამშვიდოს მთლიანად ბიზნესი, ძალიან გამიხარდება ამის მოსმენა",- აღნიშნა კახა შარაბიძემ.

დღეს, EUGBC-ის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომლის თემა პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები